სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის შემუშავებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

2013-10-11 07:30
Featured image
ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ევროპული ქვეყნების განვითარების ერთ-ერთ არსებით წინაპირობას წარმოადგენს. მოსახლეობასთან მაქსიმალურად ახლო მდგომი თვითმმართველი ორგანოები, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული ტერიტორიული ერთეულები, ფინანსებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები (თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები) - წარმოადგენენ ქვეყნის შეუქცევადი, დემოკრატიული განვითარების საძირკველს. საქართველოს სწორი განვითარების უმთავრესი ქვაკუთხედი ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფილი რეფორმის გატარებაა, რაც დაამკვიდრებს ევროპული ტიპის მმართველობას ქვეყანაში და ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ თანამეგობრობაში.
 
2013 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისათვის", რომელიც ადგენს, რომ „რეფორმის ამოსავალი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის პროცესს განიხილავს ქვეყანაში დემოკრატიისა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების დამკვიდრების საკვანძო ასპექტად".
ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სტრატეგიაზე დაყრდნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მასთან არსებული თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა სამუშაო ჯგუფების მონაწილეობით, შეიმუშავა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" კანონპროექტი.
 
კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, არსებული რეალობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, მოხდა განსხვავებული პოზიციებისა და ხედვების შეჯერება, გარკვეულ კონსესუსამდე მისვლა, რეფორმის განხორციელების ეტაპობრივად დაგეგმვა და ცალკეულ, საკმაოდ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება. 
 
2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაზე გამოიკვეთა პრემიერის მკაფიო და გააზრებული მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის აუცილებლობისა და შემუშავებული კანონპროექტით გათვალისწინებული კონცეპტუალური საკითხების მიმართ. 
 
უმნიშვნელოვანეს ამოცანად გვესახება 2014 წლის დასაწყისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმირების დასრულებაც, რაც შეიძლება შეფერხდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" დაგვიანებით მიღებით. 
 
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოვხატავთ რა მხარდაჭერას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" შემუშავებული პროექტის ძირითადი ნაწილის მიმართ, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად მოახდინოს კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირება. საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კიდევ ერთხელ ეძლევა რეალური შანსი, გადადგას ქმედითი ნაბიჯი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას. 
 
იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროცესი სწორად წარიმართება და დღევანდელი ხელისუფლებაც არ გაიმეორებს წინა ხელისუფლებების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისას დაშვებულ შეცდომებს.
 
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის შემუშავებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:
 
1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
2. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
3. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
4. გორის საინფორმაციო ცენტრი
5. დემოკრატ მესხთა კავშირი
6. ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი 
7. ეფექტიანი მმართველობითი სისტემებისა და რეგიონების ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი
8. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
9. კავკასიის მთიანეთის მდგრადი განვითარების ცენტრი
10. ასოციაცია „კივიტას გეორგიკა"
11. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC)
12. სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" (PMMG)
13. მწვანე კავკასია
14. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
15. საზოგადოებრივი დამცველი
16. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
17. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა
18. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
19. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
20. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
21. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
22. სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი
23. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
24. ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
25. ქალაქების თვითმმართველობათა კავშირი