საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით 2012 წლის 27 თებერვალს სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონული სამმართველოს შენობაში ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით ღია წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები წარმოშვა მომხდარზე შსს ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ 2012 წლის 27 თებერვალს დაკითხვის დროს ს. ქიმერიძეს ოფიციალურად არც ბრალი ჰქონდა წაყენებული და ის არც დაკავებული იყო. 2012 წლის 2 მარტს ინტერნეტ გამოცემა tspress.ge-ის მიერ გავრცელდა გარდაცვლილ ს. ქიმერიძისთვის გადაღებული ფოტო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ გარდაცვლილს სხეულზე სერიოზული და მძიმე ხასიათის ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, დაზიანებები თვალის ბუდის ირგვლივ და ხელის მაჯაზე.
ამ ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საია მიიჩნევს, რომ გამოძიების მიერ დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას: შეეძლო თუ არა არსებული ფიზიკური დაზიანებები ს. ქიმერიძეს (მხოლოდ) სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად მიეღო და რა გახდა მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი? ასევე, აღენიშნებოდა თუ არა გარდაცვლილს ფიზიკური ძალადობის ნიშნები და რა დროის და ხასიათის იყო ისინი. ამ მიმართებით, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საია გამოძიებას სთხოვს გაასაჯაროვოს შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, 1. ს. ქიმერიძის გვამისთვის ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; 2. ინციდენტის დროს ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოს შენობაში არსებული ვიდეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეო მასალის ჩანაწერები; 3. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალა.
საია მიუთითებს, რომ სოლომონ ქიმერიძის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც ის პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული. ამ მოცემულობაში სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულა უზრუნველყოს პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მეტიც, მტკიცების ტვირთი, რომ პირის გარდაცვალება პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ან, ძალის გამოყენების შედეგი არ არის, სწორედ სახელმწიფოს ეკისრება. ამასთან, ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საქმეზე ეფექტური, მიუკერძოებელი და ანგარიშვალდებული გამოძიების ჩატარება.
ამასთანავე, საია აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ პოლიციის მიერ სოლომონ ქიმერიძისთვის თავისუფლების შეზღუდვა და მისი დაკითხვა მოხდა იმ რეჟიმში, რომ მას არ ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი პროცესუალური სტატუსი და ამდენად, ის მოკლებული იყო საშუალებას ესარგებლა კანონით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიებით, მათ შორის, უფლება ჰყოლოდა ადვოკატი.
სოლომონ ქიმერიძის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით საია აგრძელებს მონიტორინგს.