სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

2011-10-03 14:07
Featured image

მისიის ფორმატი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2011 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს თელავის #17 ოლქში აკვირდებოდა. საიამ კენჭისყრის დღის მონიტორინგი სამი მობილური ჯგუფის მეშვეობით განახორციელა. Mმობილურმა ჯგუფებმა სრულად დაფარეს თელავის საარჩევნო ოლქის 54 საუბნო საარჩევნო კომისია. კენჭისყრის დღის განმავლობაში საიას დამკვირვებელები სისტემატიურად ახორციელებდნენ საარჩევნო უბნების მონიტორინგს. ზოგადად, კენჭისყრის დღე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობა. კენჭისყრის დღის განმავლობაში საიას დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. ძირითადად ადგილი ჰქონდა პროცედურულ ან ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს.

კენჭისყრის დღის ხარვეზები

კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებული ხარვეზები ყველაზე ხშირად შეინიშნებოდა სოფელ ყარაჯალის უბნებზე (#37, #38, #39, #54), სადაც საარჩევნო ბიულეტენები არ იყო დაბეჭდილი ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზე და ამომრჩეველთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა ხმის დამოუკიდებლად მიცემას. საარჩევნო კაბინებში შესულ ამომრჩევლებს ხშირ შემთხვევაში ბიულეტენების შესავსებად დახმარება ესაჭიროებოდათ, რაც იწვევდა ხმის მიცემის პროცედურების არაორგანიზებულ რეჟიმში წარმართვას. იყო შემთხვევებიც, როდესაც უბნებზე მისული ამომრჩევლები მიუთითებდნენ ერთმანეთს, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცათ ხმა.

ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი
მსგავსად 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, 2011 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს პარლამეტის შუალედურ არჩევნებზე უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტები შეინიშნებოდა. საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე  ტერიტორიაზე მცირე ჯგუფებად მყოფი პირები აწარმოებდნენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას. საიას დამკვირვებლების მიერ ვერ მოხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება და მათი პარტიული კუთვნილების დადგენა, თუმცა ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირები საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ამომრჩეველთა აღრიცხვასა და ამომრჩევლის უბანზე მისვლის კონტროლს ახორცილებედნენ, ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის"  მე-8 მუხლს. აღნიშნული მუხლის თანახმად, აკრძალულია კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. ასევე აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.

საიას საჩივრები
საიას დამკვირვებლების მიერ ძირითადად კენჭისყრის დღეს პროცედურული ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა. კერძოდ, საარჩევნო დოკუმენტაციაზე შესაბამისი რეკვიზიტების არ არსებობა (უბანი #19, #38, #39, #51), გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურები (უბანი #42),  საარჩევნო ყუთის გახსნისა და ხმის დათვლის პროცედურები (უბანი #16). ცალკეულ შემთხვევებში დამკვირვებელთა მიერ შენიშვნები გაკეთდა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა 3 საჩივარი დაწერეს.
კერძოდ:    
1.    #17 თელავის  საოლქო საარჩევნო კომისიის #19 და #38 საუბნო საარჩევნო კომისიაში საკონტროლო ფურცლის შევსების წესის დარღვევის შესახებ.
2.    #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის #16 საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ყუთის გახსნისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ. დამრღვევი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მოთხოვნილ იქნა პასუხისმგებლობის დაკისრება.

საიას დამკვირვებლები ესწრებოდნენ საჩივრების განხილვის პროცედურას თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიაში.