საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრი” შეშფოთებულები არიან იმ ფაქტის გამო, რომ საპატრულო პოლიციის ავტომანქანების სანომრე ნიშნის ადგილზე კომპანია “ჯეოსელის” რეკლამაა განთავსებული.
მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წააგო სასამართლო პროცესი ინფორმაციის გაუცემლობის გამო, საიამ და საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრმა მოიპოვა ხელშეკრულება შპს “ჯეოსელსა” და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შორის, რომელიც გაფორმებულია 2004 წლის 24 დეკემბერს.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია “ჯეოსელი” შსს-ს უსასყიდლოდ გადასცემს 2500 სიმ-ბარათს და 600 სიმ-ბარათზე გამოუყოფს შსს-ს თვეში ოც ლარიან უფასო სასაუბრო დროს. ამის სანაცვლოდ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განათავსებს კომპანია “ჯეოსელის” სახელწოდებას ან/და სასაქონლო ნიშანს საპატრულო ავტომობილებზე. ამასთანავე ხელშეკრულების თანახმად, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია “არ ისარგებლოს კომპანიის კონკურენტი საწარმოს მომსახურეობით ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში”.
აღნიშნული ხელშეკრულებით უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა.
გაფორმებული ხელშეკრულებით შსს-მ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე უპირატესობა მიანიჭა კომპანია “ჯეოსელს” და ყოველგვარი ტენდერისა და ფასთა კოტირების გარეშე გააფორმა “კორპორაციული” ხელშეკრულება. საპატრულო პოლიციას არ შეიძლება ჰქონდეს კორპორაციული ინტერესი, რადგან ის სამართალდამცავ ორგანოს წარმოადგენს.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ერთწლიანი ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2005 წლის 24 დეკემბერს ამოიწურა, გაგრძელებული არ არის. სამწუხაროდ დღესაც ვხვდებით საპატრულო პოლიციის მანქანებზე კომპანია “ჯეოსელის” რეკლამას. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიციის ავტომობილზე რეკლამაა განთავსებული.