სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სახალხო დამცველმა შალვა რამიშვილის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

2024-01-30 13:29
Featured image

სახალხო დამცველმა დააკმაყოფილა ანანია (ანი) გაჩეჩილაძის მოთხოვნა და დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის მიმართ სექსუალური შევიწროების განხორციელების ფაქტი.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2018 წელს, განმცხადებელ, ანანია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა “POSTV”-ის წამყვანი, შალვა რამიშვილი და შესთავაზა მას ინტერვიუს მომზადება. ინტერვიუსთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგა. შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალების განხილვისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, უარყოფით ან/და სექსუალურ კონტექსტში აფასებდა მის გარეგნობას, აგრეთვე, ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას.

ანანია გაჩეჩილაძის მიმართვის საფუძველზე, სახალხო დამცველმა საქმის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა შეურაცხმყოფელი/დამამცირებელი გარემო.

ამასთან, შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გამოხატული შეფასებები სახალხო დამცველმა განიხილა სექსიზმის კონტექსტში, რაც, თავის მხრივ, სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა. საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველმა სექსიზმი ამ საქმეში პირველად დაადგინა.

სახალხო დამცველი დაეყრდნო განმცხადებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან შალვა რამიშვილმა არ ითანამშრომლა აპარატთან. მას, ფაქტების უარყოფის მიზნით, პოზიცია საერთოდ არც წარუდგენია.

გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს, რათა მან, მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

ანანია გაჩეჩილაძის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში იცავდა საია.

 

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.