საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საარჩევნო კოდექსის პროექტზე ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტზე საჯარო დისკუსია გამართეს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედია საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.
ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტის განხილვის პარალელურად, შეხვედრაზე საუბარი იყო ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პროექტის ტექსტში საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ეს ცვლილებები ვენეციის კომისიის, OSCE/ODIHR-ისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა.
ორგანიზაციების შეფასებით, ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტი გარკვეულწილად ეხმიანება ყველა იმ პრობლემას, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში გათვალისწინებული შენიშვნები კი არასაკმარისია კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და დამატებით დახვეწას საჭიროებს.