ინტერნეტგამოცემა Livepress.ge-ს მიერ გავრცელებული და მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით ადგილობრივებს ზუგდიდის თეატრში შეხვდნენ, თუმცა “ლაივპრესს“ შეხვედრაზე დასწრება აუკრძალეს და არც ზეპირი ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის შინაარსის შესახებ.
ჟურნალისტები შეხვედრის დასრულების შემდეგ, შენობის გარეთ, გამოსული მონაწილეებისგან ინტერვიუს აღებით, ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას. თუმცა, სრულიად უკანონო არგუმენტების მოშველიებით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, მამუკა იოსავამ, მათ კამერა გამოართვა და გადაღებული ვიდოემასალა წაშალა.
გუშინვე ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოდიშის მოხდის თაობაზე,
საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი კატეგორიულად მოუწოდებს თავდაცვის სამინისტროს, არ შემოიფარგლოს ბოდიშის მოხდით და დაიწყოს დისციპლინური წარმოება მამუკა იოსავას მიმართ, რადგან მის მიერ განხორციელებული ქმედება არა თუ დისციპლინური, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მოიცავს, მან თვითნებური ქმედებით წაუშალა ჟურნალისტებს მოპოვებული მასალა და არ მისცა შესაძლებლობა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაცია.
მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლების გარანტიების შექმნა და უზრუნველყოფა უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ფუნქციაა და ის უმკაცრესად უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირების მიერ გამოვლენილ თვითნებობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე.