საქართველოს პარლამენტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატან ძალზე მნიშვნელოვან ცვლილებებს განიხილავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებით იცვლება მოსარჩელე იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და მათი წარმომადგენლების სასამართლოში დაბარების წესები, კანცელარიის თანაშმრომელს ეძლევა უფლება უარი თქვას სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციაზე აღნიშნული დოკუმენტის ფოსტით მიღების შემთხვევაშიც, მოსარჩელე ხდება ვალდებული, მიაწოდოს მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღარ გამოაქვს ხარვეზის შესახებ განჩინება, არამედ პირდაპირ უარს ამბობს მის მიღებაზე და სხვა. უფრო კონკრეტულად, აღვნიშავთ, რომ კანონპროექტის მიხედვით:
• პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ აღარ გამოაქვს ხარვეზის შესახებ განჩინება, არამედ პირდაპირ სარჩელის მიღებაზე ამბობს უარს. ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა ის გარემოება, რომლიც ხარვეზის შესახებ განჩინების მიღების საფუძველი იყო, ახლა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იწვევს.
• სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელს უფლება ეძლევა, უარი თქვას სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციაზე მისი ფოსტით გაგზავნის შემთხვევაშიც, რამაც შესაძლოა მოსარჩელეს საერთოდ წაართვას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
• მოსარჩელე ვალდებულია სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღის ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გზავნილი (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) მოპასუხისათვის გადასაცემად. აღნიშნულ ვადაში მოსარჩელის გამოუცხადებლობა სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
• მოსარჩელემ 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სარჩელი წარმოებაში მიღებულად ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენის დღეს. მართალია, სასამართლო განხილვის ვადები კანონპროექტით არ იცვლება და კვლავ 2 თვით განისაზღვრება, თუმცა იცვლება მისი ათვლის წერტილი. კერძოდ, თუ დღეს მოქმედი კოდექსით სარჩელის რეგისტრაციიდან იწყება განხილვის ვადის ათვლა, პროექტით ეს თარიღია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენის დღე, რაც ბუნებრივია უფრო ახანგრძლივებს სასამართლო განხილვას.
• თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი. აღნიშნული პირების დაბარება სასამართლო სხდომებზე შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რამაც შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის არარსებობის შემთხვევებში.
მითითებული ცვლილებები, თავისი არსით, მეტად მნიშვნელოვანია და სასამართლოში საქმის განხილვის პრაქტიკულ მხარეებს უკავშირდება. არსებობს იმის რისკიც, რომ მათ უარყოფითი გავლენა იქონიონ მართლმსაჯულების განხორციელებაზე. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არც ერთ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაციასა, თუ ექსპერტს არ მიუღია. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშული საპროცესო ნორმები უნდა ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე არიან. კანონპროექტი ინიცირებულ იქნა 2011 წლის 25 ნოემბერს. ამ დროისათვის ის პირველი მოსმენითაა მიღებული შესაბამის კომიტეტებში. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ ხვალ მოხდება მისი პირველი მოსმენით განხილვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის წევრებს, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატებს, იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებს მოგიწოდებთ აქტიურად ჩაერთოთ კანოპროექტის განხილვაში, დაესწროთ საკომიტეტო მოსმენებს და დააფიქსრიოთ თქვენი მოსაზრებები კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. საია პარლამენტისგან დამოუკიდებლად გეგმავს მოაწყოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა და დისკუსია. ამავდროულად, საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეანელოს კანონპროექტის განხილვის პროცესი, მკაცრად დაიცვას პროცედურები კომიტეტების სხდომისა და დღის წესრიგის სხდომამდე 2 დღით ადრე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით (რაც უხეშად დაირღვა კანონპროექტის კომიტეტებზე პირველი მოსმენით მიღებისას) და ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცეს კანონშემოქმედებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.