2011 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიციირება მოხდა.
კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების ნაწილი დადებითია და ეხმიანება საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, თუმცა მასში არის ხარვეზები და ბუნდოვანებები, რომელთა დაზუსტება და შეცვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების საკითხი. ამ სიახლის თანახმად, პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი ფინანსური შეზღუდვები და ანგარიშგების ვალდებულებები ვრცელდება პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებზე, მათ შორის არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირებზე. მსგავსი შეზღუდვები დაწესებულია იურიდიულ პირზეც, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე. მაგალითად: კანონპროექტის მიხედვით შესაძლებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ მოწოდებას გააჟღერებს, შეუწყდეს უფლება მიიღოს შემოწირულობა ნებისმიერი იურიდიული პირისაგან.
მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია არა მარტო ბუნდოვანია, არამედ გარკვეულ ნაწილში მიუღებელიცაა და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების პრინციპს. ასეთი შეზღუდვა მით უფრო აბსურდულია, მაშინ, როდესაც საჯარო მოხელეებიც კი არ იზღუდებიან წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისაგან, თუ უშუალოდ არ ასრულებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. გარდა ამისა, ასეთი დებულებების არსებობა, საჭიროების შემთხვევაში, მათი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
პარტიების საქმიანობის მონიტორინგის მიზნით კანონპროექტი მუდმივმოქმედი მარეგულირებელი ორგანოს შექმნას გვთავაზობს. თავის მხრივ, ასეთი ინოვაცია სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც ერთხმად მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის პალატა პარტიების დაფინანსების მონიტორინგის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაში იყოს მიუკერძოებელი. მის მიერ მიღებული პარტიების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები იყოს ნათელი, ადვილად შესრულებადი და განჭვრეტადი, რათა ზედმეტად ამკრძალავმა წესებმა არ შექმნას ხელოვნური ბარიერები პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობაში. პროექტით შემოთავაზებულმა ცვლილებებმა თანაბარი პირობები უნდა უზრუნველყონ პოლიტიკური პარტიებისათვის. ამასთან რეგულაციები იმდენად ოპტიმალური უნდა იყოს, რომ მათ შემოვლითი გზების მოძიების სურვილი არ გაუჩნდეთ, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები კი ადმინისტრირებას შერჩევითად არ უნდა ახორციელებდნენ.
19 დეკემბერს პროექტი წამყვან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით ისე მიიღეს, რომ კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. ამით უხეშად დაირღვა კანონი.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი.