სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ოზურგეთის ოფისის ჩართულობით ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე არასწორად განთავსებული საგზაო ნიშნები შეიცვალა

2024-01-11 10:50
Featured image

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ადმინისტრაციულ შენობასა და სოფელ ციხისფერდის სკოლის მიმდებარედ, განთავსებული იყო საგზაო ნიშნები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით.

ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები განთავსებული იყო გზაჯვარედინის წინ. ესი გულისხმობდა იმას, რომ 50 კმ/სთ-ით მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონაში მოძრაობისას, გზაჯვარედინთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ეძლეოდათ შესაძლებლობა გაეზარდათ სიჩქარე 80კმ/სთ-მდე, მაშინ, როდესაც გზების კვეთის, შეერთების ან განშტოების ადგილებში პირიქით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე უნდა მცირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის გამო არაერთი პირი უსამართლოდ ჯარიმდებოდა.

ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საიამ რამდენჯერმე მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. ჩვენი ადვოკატირების შედეგად, საგზაო ნიშნები ორივე ლოკაციაზე განთავსდა გზაჯვარედინების შემდეგ, საიდანაც იწყება დაუსახლებელი პუნქტები და ამ ნიშნების განთავსებაც გამართლებულია.