სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საკუთრების დაყადაღებასთან დაკავშირებით

2012-06-24 07:19
Featured image

2012 წლის 21 ივნისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ყადაღა დაადო შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილ ტექნიკურ საშუალებებს (ანტენებს, რესივერებს, მიმღების თავაკებს). ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მიმდინარეობდა ცალკეული პირების მიერ შპს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ბალანსზე რიცხული ანტენებითა და რესივერებით საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე. პროკურატურის განცხადებით, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდებოდა ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომლებიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებულ ტექნიკურ საშუალებებს დაედო ყადაღა.


მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება გაატაროს ეფექტური ღონისძიებები დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. თუმცა, აღნიშნული პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანობის პრინციპისა და კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით. აქვე, სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, როდესაც შეზღუდვების გავრცელება მედიის სფეროს ეხება.
ვფიქრობთ, 2012 წლის 21 ივნისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო:


• სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლებს, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას. ვინაიდან საქმის წარმოება დაწყებულია ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე და არ არსებობს ბრალდებული პირი, როგორც დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას;


• გარდა ამისა, სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე _ 330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას. კონკრეტულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლად ვერ იქნება გამოყენებული აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაულის კატეგორიის მიხედვით წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რა შემთხვევაშიც არის შესაძლებელი დანაშაულის მომზადების შემთხვევაში ქონების დაყადაღება;


• ასევე მიგვაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ანდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ტარდება სასამართლო განჩინებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სასამართლო განჩინების გარეშე, თუმცა გამომძიებლის დადგენილებით. საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა შპს ,,ელიტა ბურჯის’’ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და მიუხედავად იმისა, რომ შეიზღუდა როგორც კერძო საკუთრება, ასევე მფლობელობა, („გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ დაქირავებული აქვს „ელიტა ბურჯისგან“ გარკვეული ფართი), არ არსებობდა კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული სასამართლო განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება.


ვინაიდან მედიას, განსაკუთრებით სატელევიზიო სივრცეში, ეკისრება მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით, ხოლო ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ყველა შეზღუდვა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლებაზე, უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან, ეფუძნებოდეს გამოხატვის თავისუფლების, მედია პლურალიზმისა და სისხლის სამართლით დაცული სიკეთის სამართლიან შეფასებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ როგორც გამოძიების ორგანოებს, ასევე სასამართლოს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას იხელმძღვანელონ სამართლიანობის პრინციპების დაცვით და განუხრელად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.