სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას აქტიური მხარდაჭერით თბილისის მერიამ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია მიიღო

2020-07-22 16:16
Featured image

საია და თბილისის მერია გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და მონიტორინგის ჩარჩოს შექმნის მიზნით 2019 წლიდან თანამშრომლობენ. ამ დოკუმენტების შემუშავება ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი ვალდებულება იყო. 

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ეყრდნობა სიტუაციური ანალიზის დროს გამოვლენილ გამოწვევებს. სტრატეგიული დოკუმენტები შემუშავდა ღია დისკუსიების და საჯარო შეხვედრების საფუძველზე. საიამ, ასევე, გამართა სამუშაო შეხვედრები მერიის თანამშრომლებთან და სხვა პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან. 

საბოლოოდ ჩამოყალიბდა სტრატეგიის 6 პრიორიტეტული მიმართულება: 

- მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაუმჯობესება; 

- გადაწყვეტილების მიღების პროცესში ანგარიშვალდებულების გაზრდა; 

- კორუფციული რისკების შემცირება; 

- მერიის სისტემაში გამჭვირვალობის ამაღლება; 

- ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა; 

- კეთილსინდისიერების ამაღლება.

დღეს, 2020 წლის 22 ივლისს თბილისის მერიამ სტრატეგიული დოკუმენტები დაამტკიცა. საია მიესალმება ამ ფაქტს და ამოცანების მიღწევაში დედაქალაქის თვითმმართველობას წარმატებებს უსურვებს.

საია მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც პროცესს ფინანსურად უჭერდა მხარს.