2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას.
საიას მომართეს ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ სიუჟეტში ნათქვამი ფრაზა - ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ - არ შეესაბამება სინამდვილეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარდგენილი იქნა საჩივარი, რომლითაც ზურა ვაზაგაშვილის მშობლები მოითხოვენ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას. ვაზაგაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები დაიცავენ.
საია იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ საჩივარი დროულად და ობიექტურად იქნება განხილული.