საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. წარმოდგენილი პროექტი სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებსაც, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ პირთა უფლებებზე, ვისზეც კანონის დღევანდელი რედაქცია ვრცელდება.
კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით იცვლება დევნილის ცნება და ის ყალიბდება შემდეგი ფორმულირებით _ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად (შემდგომში – „დევნილი“) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“
დევნილის ცნების მსგავსი განმარტება ავიწროებს იმ პირთა წრეს, ვისზეც დღეის მდგომარეობით კანონი ვრცელდება და ის შემოიფარგლება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ არაოკუპირებული ტერიტორიებიდან, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებიდან (ზარდიანთკარი, დიდი ხურვალეთი და სხვა) არაერთი პირი გახდა იძულებული დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ისინი საცხოვრებლებში ვერ ბრუნდებიან სწორედ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიის არარსებობის გამო, რაც ასევე დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილებით.
წარმოდგენილი კანონპროექტის მსგავსი რედაქციით მიღების შემთხვევაში, აღნიშნული პირები (70-მდე ასეთი პირის ინტერესებს საია იცავს) ვერ შეძლებენ დევნილის სტატუსის მიღებას, და შესაბამისად, ვერ ისარგებლებენ იმ სოციალური გარანტიებით, რომლებიც დევნილებზე ვრცელდება. საყურადღებოა ისიც, რომ დევნილის ცნების მსგავსი დეფინიცია არ შეესაბამება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს.
დევნილის ცნების მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებასთან გაიგივებამ, შესაძლოა საზღვრისპირა სოფლებიდან დევნილები აიძულოს დაბრუნდნენ ისეთ ადგილას, სადაც მათ სიცოცხლეს და უსაფრთხოებას საფრთხე შეიძლება დაემუქროს, რაც ასევე გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს აღვევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიმართავს საქართველოს პარლამენტს, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები იმგვარად იქნეს ფორმულირებული, რომ არ შეილახოს კონფლიქტის ზომის მიმდებარე სოფლებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები.