საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებ-გვერდებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების გაშუქების ფაქტებს, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული ნათლად მეტყველებს ადგილობრივ დონეზე პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის არარსებობაზე, რა დროსაც უგულებელყოფილია საჯარო სამსახურის უპარტიობის ძირითადი პრინციპი.
ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თვითმმართველობების ვებ-გვერდები აქტიურად აშუქებენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენის პარტიულ ღონისძიებებსა თუ ისეთ სააგიტაციო შეხვედრებს, სადაც ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებები უხვადაა გამოყენებული. ხშირ შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდებზე განთავსებულია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სურათები. ცალკეულ შემთხვევაში გამოქვეყნებულია საარჩევნო სუბიექტის ნომერი „5“-ის, საარჩევნო პროგრამის, კანდიდატის სახელისა და გვარის შემცველი საარჩევნო ბანერის ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში თვითმმართველობების ვებ-გვერდების მეშვეობით ხორციელდება მთავარი ოპოზიციური გაერთიანების საწინააღმდეგო აგიტაცია. ჩვენს მიერ ჯამში 14 თვითმმართველობის ვებ-გვერდი იქნა გამოვლენილი, სადაც განთავსებული მასალა ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობების ვებ-გვერდებზე მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას აქვს ადგილი და არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება.
ზემოაღწერილი კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის თვალსაჩინოდ დემონსტრირებისათვის მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:
• სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უხვადაა გამოყენებული პარტიული ღონისძიების ამსახველი ფოტოები, სადაც კარგად ჩანს სააგიტაციო მაისურში ჩაცმული მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, მერაბ ჯანელიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერი. ბანერში მოკლედაა ასახული საარჩევნო პროგრამა, გამოსახულია კანდიდატი და საარჩევნო ნომერი „5“. პრესრელიზში კანდიდატი მოხსენიებულია „სამტრედიელებისათვის საკმაოდ ნაცნობ“ პიროვნებად;
• ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც მმართველი პარტიის კანდიდატის წარდგენას ეხება. პრესრელიზი მმართველი პარტისადმი პოზიტიურად განწყობილი ტონით აღწერს სააგიტაციო შეხვედრის მიმდინარეობას. კერძოდ, აქ მითითებულია:
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან განაცხადა რომ როლანდ ახალაია არის პიროვნება რომელიც ერთგულად ემსახურება თავის ქვეყანას და მის სახელთან არის დაკავშირებული ყველა ის სასიკეთო ცვლილებები რაც ბოლო პერიოდის საქართველოში განხორციელდა.
ნარაზენში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც გააკეთა განცხადება და მოსახლეობას დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა. როლანდ ახალაიას განცხადებით ფრაზა „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ არასდროს გაიცვითება. რაც შეეხება მთავრობის პროგრამას „მეტი სარგებელი ხალხს“, როლანდ ახალაიას განცხადებით, იგი ეცდება გამარჯვების შემთხვევაში ამ პროგრამამ თითოეულ ოჯახში შეაღწიოს. შეხვედრითა და ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატის დასახელებით ნარაზენის მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა. მათი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია აბსოლუტურად მისაღები და მოსაწონია.“
• ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის სათაური საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ღირებულება მხოლოდ პარტიული საქმიანობის წამოჩენის კუთხით გააჩნია. სათაურის მიხედვით: „მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაყოფია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.“
• ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მრავლობითი ინფორმაციის მეშვეობით შეუფარავად ხორციელდება მთავარი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია და ამავდროულად, მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკური სიმპათიების გახატვას აქვს ადგილი. ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზები შემდეგნაირადაა დასათაურებული:
- „მეოცნებეების პროვოკაცია“;
- „ნაციონალური მოძრაობის ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს“;
- „ახმეტის „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ბრიფინგი მიზნად ისახავდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას“;
- „ქართული ოცნების“ საბჭოთა ნოსტალგია“;
- „პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელს თემურ გოდერძიშვილს რუსეთის აგრესია არ ახსოვს“;
- „შეხვედრაზე მისული ადგილობრივები „ქართული ოცნების“ ფულისადმი ინტერესს არ მალავდნენ“;
- „გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ პეტრე ცისკარიშვილს უცხადებს ნდობას“;
- „ოჟიოს მოსახლეობის უმრავლესობა თემურ გოდერძიშვილის „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას მის ბიზნესინტერესებს უკავშირებს“;
- „ვინ არის „ქართული ოცნების“ ახმეტის ოფისის ახალი ხელმძღვანელი?!“ და სხვა.
სამართლებრივი შეფასება
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საინფორმაციო მომსახურების გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქვემოთ მითითებული მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი პირები არღვევენ საარჩევნო კოდექსის ამ მოთხოვნებს, რაც მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, კერძოდ კი 2000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველია. ამის პარალელურად, მიზანშეწონილია შესაბამისი პირებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული საქციელის ჩადენის გამო. საიას მოსაზრებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მკვეთრად სააგიტაციო შინაარსის მასალის მრავალგზის გამოქვეყნების გამო უნდა დადგეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.
დანართი:
ქვემოთ მოცემულია იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომელთა ვებ-გვერდებზეც საიამ წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველ მასალას მიაკვლია. აქვე მოცემულია პრესრელიზების/სიახლეების ბმული, თარიღი, სათაური და ზოგიერთ შემთხვევაში, მოკლე ამონარიდი გამოქვეყნებული მასალიდან (ჩასმულია / / სიმბოლოთა შორის):
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია - 1. „დავით ბაქრაძემ სენაკში ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა“ (29.08.2012); 2. „საქართველოს პრეზიდენტი ჩხოროწყუში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა“ /ამონარიდი: დღეს ჩვენი მოწინააღმდეგის ფულით დაფინანსებული ხალხი გამოსულია ასპარეზზე გრძელი სიით თუ რა აქვთ დასანგრევი, გრძელი სიით თუ რის აშენებაში უნდათ ჩვენთვის ხელის შეშლა...ოპტიმისტები ვართ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ./ (04.08.2012); 3. „საქართველოს პრეზიდენტი სვანეთს ესტუმრა“ /ამონარიდი: საქართველოში არის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და იმას გარდა, რომ აქვთ დასანგრევი ობიექტების გრძელი სია, ასევე აქვთ გრძელი სია იმ ობიექტებისა, რომლებიც არ უნდა აშენდეს./ (03.08.2012) ;
2. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „დავით ბაქრაძემ სენაკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა“ (29.08.2012);
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - „დავით ბაქრაძემ წალენჯიხაში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა“ (23.08.2012);
4. მარტვილის მუნიციპალიტეტი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა“ (21.08.2012);
5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - „ბაქრაძემ ზუგდიდში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა“ (21.08.2012);
6. მესტიის მუნიციპალიტეტი - „პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს მესტიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა“ /ამონარიდი: პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს მესტიის რაიონის მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კანდიდ კვიციანი წარუდგინა./(23.08.2012);
7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - „დავით ბაქრაძე ლანჩხუთში“ /ამონარიდი: შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე წარუდგინა, რომელსაც დავალება მისცა, მივიდეს თითოეულ ქუჩაზე, სოფელში, ოჯახში, იმისათვის რომ იცოდეს, რა არის გასაკეთებელი და თანდათანობით გადაჭრან ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს მოსახლეობას./ (22.08.2012);
8. სამტრედიის მუნიციპალიტეტი - „პრეზიდენტი სამტრედიაში“ /ამონარიდი: სამტრედიელებისთვის საკმაოდ ნაცნობი პიროვნების მერაბ ჯანელიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა./;
9. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - /ამონარიდი: 15 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი სამველ პეტროსიანი./ (16.08.2012);
10. დუშეთის მუნიციპალიტეტი - „მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა“ /ამონარიდი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მცხეთა–მთიანეთის რეგიონში 18 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა./ (21.08.2012);
11. კასპის მუნიციპალიტეტი - „მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“ /ამონარიდი: პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასაკეთებელი მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრია, დაწყებული საქმეები დასრულებას საჭიროებს, ამიტომ კახაბერ ხაჩირაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდანაც, ასევე გულისხმიერად იზრუნებს დაგეგმილი სამუშაოების დამთავრებისათვის./ (20.08.2012);
12. დმანისის მუნიციპალიტეტი - „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დმანისის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა“ /ამონარიდი: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტის თავმჯდომარემ კახაბერ ოქრიაშვილი წარადგინა./ (2.08.2012);
13. ბოლნისის მუნიციპალიტეტი - „მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაყოფია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა“ (20.08.2012);
14. ახმეტის მუნიციპალიტეტი - 1. „მეოცნებეების პროვოკაცია“ (01.09.2012); 2. „ნაციონალური მოძრაობის ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს“ (30.08.2012); 3. „ახმეტის „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ბრიფინგი მიზნად ისახავდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას“ (25.08.2012); 4. „ქართული ოცნების“ საბჭოთა ნოსტალგია“ (21.08.2012); 5. „პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელს თემურ გოდერძიშვილს რუსეთის აგრესია არ ახსოვს“ (18.08.2012); 6. „შეხვედრაზე მისული ადგილობრივები „ქართული ოცნების“ ფულისადმი ინტერესს არ მალავდნენ“ (17.08.2012); 7. „გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ პეტრე ცისკარიშვილს უცხადებს ნდობას“ (14.08.2012); 8. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახმეტაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კვლავ პეტრე ცისკარიშვილი იყრის კენჭს“ (03.08.2012); 9. „ოჟიოს მოსახლეობის უმრავლესობა თემურ გოდერძიშვილის „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას მის ბიზნესინტერესებს უკავშირებს“ (01.08.2012); 10. „ვინ არის „ქართული ოცნების“ ახმეტის ოფისის ახალი ხელმძღვანელი?!“ (31.07.2012); 11. „რა პასუხს აძლევს თეიმურაზ გოდერძიშვილი იმ ამომრჩეველს, ვინც ერთიანი ნაციონალური სიით აირჩია და მას ნდობა გამოუცხადა“ (25.07.2012).