2012 წლის 27 მარტს ზუგდიდში მოქმედმა ინტერნეტგამოცემა livepress.ge-მ გაავრცელა ვიდეომასალა , სადაც ნათლად ჩანს თუ რა პირობებში იქნა დაკავებული ,,დაიცავი საქართველოს” წევრი კახა მიქაია. ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის მახლობლად მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართავდნენ ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრები ირაკლი ჩიქოვანი და თეა წულუკიანი. შეკრების მონაწილეები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრის სერგო ჩაჩიბაიას მიმართ წინასწარი ორთვიანი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ,,დაიცავი საქართველოს” წევრს კახა მიქაიას ხელთ ეკავა ხმის გამაძლიერებელი, რომლითაც თეა წულუკიანი შეკრების მონაწილეებს მიმართავდა. ამ დროს კახა მიქაიას მიუახლოვდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ატყობინებენ რომ დაკავებულია.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა მიქაია სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისათვის და მას 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
წვრილმანი ხულიგნობა გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უცენზურო ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებისადმი შეურაცხმყოფელ გადაკიდებას, სხვა ამგვარ ქმედებას, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს. livepress.ge-ს კადრებიდან კარგად ჩანს, რომ კახა მიქაიას მხრიდან არათუ უცენზურო გამონათქვამებს არ ჰქონია ადგილი, არამედ მას საპროტესტო განცხადებაც კი, არ მიუმართავს შეკრების მონაწილეებისათვის. ერთადერთი ქმედება, რასაც კახა მიქაია სჩადიოდა, იყო საპროტესტო შეკრებაზე რუპორით ხელში დგომა.
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელისადმი ბოროტი დაუმორჩილება გამოიხატება იმაში, რომ პოლიციელი მიმართავს მოქალაქეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტისაკენ, რასაც არ ემორჩილება მოთხოვნის ადრესატი. livepress.ge-ს კადრებში არ ჩანს თუ რა არამართლზომიერი ქმედების შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ სამართალდამცავები კახა მიქაიას და რას არ ემორჩილება ეს უკანასკნელი. რაც კადრებში ჩანს, არის ის, რომ სამართალდამცავები მოულოდნელად ჩნდებიან შეკრების ჩატარების ადგილას და ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე კახა მიქაიას აკავებენ.
სასამართლომ დაეყრდნო პატრული-ინსპექტორების მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, ასევე სამართალდამცავების პატაკებს და ერთ-ერთი მათგანის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებას. აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებდნენ იმას, რომ კახა მიქაია იგინებოდა, პოლიციელება მას აღნიშნულის ქმედების შეწყვეტა მოსთხოვეს, რასაც არ დაემორჩილა და ამის გამო დააკავეს. სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ სხვა მტკიცებულების გამოკვლევა, ვინაიდან როგორც მოსამართლემ დადგენილებაში მიუთითა: კანონმდებლობა არ ითხოვდა სხვა მოწმეთა სავალდებულო დასწრებას, ხოლო სამართალდარღვევის გამომვლენ მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები იმისათვის, რათა ადეკვატურად შეაფასოს მოვლენა. ,,მისი (პოლიციელის) ახსნა-განმარტება სამართალდამრღვევი პირის თანდასწრებით არის შექმნილი და შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყარო არის შეუცვლელი.” - განაცხადა მოსამართლე ლაურა მიქავამ.
ამგვარად, გავრცელებული ვიდეომასალით არ დგინდება კახა მიქაიას მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. აშკარაა, რომ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრება მოხდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. საია გმობს ადამიანის დაპატიმრებას მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო და შეშფოთებულია იმით, რომ პატიმრობის სახით გამოყენებულმა მკაცრმა ღონისძიებამ შესაძლოა გამყინავი ეფექტი მოახდინოს სხვა ინდივიდებზე, რომლებიც სასჯელის შიშით მომავალში თავს შეიკავებენ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაგან. ამგვარი შედეგები ცუდ სამსახურს უწევს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას და ადამიანის ძირითადი სამოქალაქო უფლებების პატივისცემის დამკვიდრებას.