სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ბლოგების შესარჩევ კონკურსს

2023-12-27 21:30
Featured image

კონკურსი მიზნად ისახავს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების ირგვლივ მოქალაქეთა ინფორმირებას, წაახალისოს მსჯელობა და დისკუსია აღნიშნულ თემებზე. 

ბლოგების კონკურსი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოში არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა“ - პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია, საქართველოში არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ელექტორნული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება. 

საკონკურსო თემა: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში

კონკურსის მონაწილეებმა ბლოგები შესაძლოა მოამზადონ ძირითად თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. სავარაუდო საკითხები შეიძლება იყოს:

- არჩევნებში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა დემოკრატიაზე;

- პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულება არჩევნებთან მიმართებით;

- ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში (იმსჯელეთ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე);

-  საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების (E-Voting) გავლენა კენჭისყრის პროცესზე;

- საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები (E-Voting)  და ამომრჩევლის ხმის ფარულობა. (რა ახალი გამოწვევები შეიძლება წარმოშვას კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიების დანერგვამ?);

- საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები (E-Voting) და საზოგადოებრივი ნდობა.  (ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ნდობას ან უნდობლობის ზრდას საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების, სახელმწიფო მართვის და საერთაშორისო ურთიერთობების, ან სხვა მომიჯნავე დარგის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:

 1. ბლოგის სტრუქტურა

- სათაური;

-  თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, კურსი (მოქმედი სტუდენტების შემთხვევაში);

-  შესავალი - ძირითადი ნაწილი - დასკვნა;

- აუცილებელია გამოყენებული ლიტერატურის მითითება აკადემიურად დამკვიდრებული ციტირების სტილის მიხედვით. (ინფორმაციისთვის იხილეთ საიას აკადემიური წერის სახელმძღვანელო).

2. ბლოგის ტექნიკური მახასიათებლები

- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში: გვერდების რაოდენობა - 3-5 გვერდი; ფონტი - Calibri, ზომა - 12;  სტრიქონებს შორის დაშორება (line spacing) – 1, პარაგრაფებს შორის დაშორება (spacing) - პარაგრაფამდე (before) – 0, შემდეგ (after) – 6; განლაგება - გათანაბრებული (justified).

3. ბლოგი წარმოდგენილი  უნდა იყოს ქართულ ენაზე.

4. ბლოგში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

5. არ მიიღება ბლოგები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

6. შეირჩევა ხუთი საუკეთესო ბლოგი, რომელთა ავტორები ჰონორარის სახით მიიღებენ 100-100 ევროს ექვივალენტს ლარში. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. ასევე ტექსტები გამოქვეყნდება საია-ს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში. 

7. შეფასების კრიტერიუმები

ნაშრომი ფასდება 100 ქულიანი სისტემით:

- საკვლევი საკითხის რელევანტური თეორიების, პრინციპებისა და ფაქტობრივი მასალის, საერთაშორისო გამოცდილების ასახვა და  ადგილობრივი კონტექსტის კრიტიკული გააზრება – 30 ქულა; 

- ანალიზის, არგუმენტებისა და დასკვნების გამართულობა - 30 ქულა;

- ნაშრომის ენობრივი და სტილისტური გამართულობა - 30 ქულა;

- საკვლევი საკითხის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა - 10 ქულა.

 

10. საკონკურსო კომისია

საკონკრუსო კომისია დაკომპლექტდება 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან, რომლებიც ნაშრომს 100 ბალიანი სისტემით შეაფასებენ, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

წარმოსადგენი დოკუმენტები: 

** რეზიუმე (CV)

** ბლოგი (Microsoft Word დოკუმენტი)

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 თებერვლამდე.

ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gyla.ge

გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ - „ბლოგების კონკურსი“

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: nodikadze@gyla.ge