„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

ასევე, აღსანიშვანავია, კანონპროექტის ბუნდოვანი და პოტენციური საფრთხის მატარებელი დებულებები, მათ შორის, ნორმა რომლის მიხედვითაც „შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში სადაც მიმდინარეობს შეკრება.“ ამ ჩანაწერის მიხედვით, ცალსახად არ ჩანს ვის შეიძლება მიემართებოდეს აღნიშნული ვალდებულება. ამავე ნორმის თანახმად, ბალანსის დაცვის მიზნით „შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.“ ნათელია, რომ დროისა და ადგილის შეზღუდვა წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში ჩარევას. იმისათვის, რომ ეს ჩარევა კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იყოს, აუცილებელია შეზღუდვა იყოს კანონით განსაზღვრული, ცხადი და ნათელი. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით წესდება ვადა, 15 წუთის ოდენობით, რომლის განმავლობაშიც ორგანიზატორმა უნდა მოახდინოს უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებაზე რეაგირება. თუმცა, ცალსახად არ ჩანს, 15 წუთი ორგანიზატორს მიეცემა რეაგირების მოსახდენად, თუ კანონმდებელი 15 წუთს აწესებს დარღვევის აღმოსაფხვრელად და მაგალითად, სავალი გზის გასახსნელად. თუკი, კანონპროექტით გათვალისწინებული 15 წუთიანი ვადა შეეხება, სავალი გზის გახსნას, ან სხვაგვარი დარღვევის აღმოფხვრას, შესაძლოა დადგეს ამ დროის გონივრულობის საკითხი. გარდა ზემოთაღნიშნული დებულებებისა, ბუნდოვანია რას გულისხმობს კანონმდებელი, როდესაც ზღუდავს ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების მიმართ „სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას“.

ზემოაღნიშნული, ბუნდოვანი და საფრთხის შემცველი დებულებების ჩამონათვალი არ არის სრული და ამომწურავი. საია აგრძელებს წარმოდგენილი კანონპროექტის შესწავლას და სამართლებრივი ანალიზის მომზადებას კანონპროექტის ყველა პრობლემურ საკითხზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი შეეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ ინტერესს საკითხის საპარლამენტო განხილვების მიმართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა მოახდინოს გონივრულ ვადებში და უზრუნველყოს თითოეული დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ამ პროცესში. ამასთან,  საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ, არ დაუშვან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება ინიცირებულ ცვლილებებზე მსჯელობისას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge