საქართველოს პარლამენტში ამა წლის 20 დეკემბერს ინიცირებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა და „საქართველოს კონტოლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. ცვლილებების ძირითადი მიზანია პოლიტიკური პარტიებისათვის დაწესებული სანქციების გამკაცრება.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა რეგლამენტის სრული დარღვევით მიმდინარეობს. კერძოდ, პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის განხილვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ინიცირების დღესვე მიიღო. რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტი ბიუროს უნდა გადაეცეს ინიცირებიდან 72 საათის შემდეგ. კანონპროექტის მიხედვით:
• იცვლება სისხლის სამართლის 1641 მუხლის (ამომრჩევლის მოსყიდვა) ფორმულირება. თუ ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირია, კანონპროექტით მისი ლიკვიდაციაა გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის სანქცია არაპროპორციული და არაგონივრულად მკაცრია, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.
• სისხლისსამართლებრივი წესით დაისჯება ამომრჩევლის არამხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი მოსყიდვაც. სხვა კონკრეტიკა ნორმაში მოცემული არ არის. შესაბამისად, ჩანაწერი შეიცავს შესაძლებლობას კონკრეტული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული მოსყიდვა ყოველთვის დაუკავშირდეს პოლიტიკურ პარტიას, რაც საფრთხის შემცველია, განსაკურებით იმ პირების (პროვოკატორების) მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომლებიც პარტიის სახელით არ მოქმედებენ.
• პოლიტიკურ პარტიასთან ერთად სისხლის სამართლის წესით დაისჯება ის ამომრჩეველი, რომლიც მისგან ფულს, სხვა ქონებასა თუ მომსახურებას მიიღებს. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიისა და ამომრჩევლის პასუხისმგებლობა იდენტური არ უნდა იყოს და ამომრჩეველი უფრო მსუბუქი წესით უნდა დაისაჯოს, ვიდრე ეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგბელობა და თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთაა.
კანონპროექტში არის ასევე მთელი რიგი ბუნდოვანებები, რაც დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით არ ხდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ცალკე სპეციალური მუხლით ისეთი დარღვევების ჩადენისათვის, როგორებიცაა საჯარო მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება, წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, ბიუჯეტის სახსრებით საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკის ამსახველი მასალების დამზადება და სხვა სამართალდარღვევები, რომელთა ჩადენისას სახელმწიფო რესურსების გამოყენებას აქვს ადგილი. თუმცა, მიზანშეწონილია ამ კუთხით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიცვას რეგლამენტი და შეანელოს კანონპროექტის განხილვის პროცესი, რათა პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ პროცესებში მონაწილეობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge