საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესი

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესთან დაკავშირებით. მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოკლედ განვმარტოთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

საქართველოს მოქალაქეობა პირმა შეიძლება მოიპოვოს დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით), საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად სრულწლოვანი პირი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;
ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; 
გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;  დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

მართალია, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ  საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ,,საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან“. აღნიშნულ შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია პირი საქართველოს მოქალაქედ მიიღოს მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი საქართველოს მოქალაქეობის მიღების ზოგად პირობებს (ანუ, მიუხედავად იმისა, მუდმივად ცხოვრობს თუ არა საქართველოში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, იცის თუ არა სახელმწიფო ენა, ისტორია და ა.შ.).

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევებს. ზემომითითებული კანონის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;
ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;
გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.

კანონით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის თაობაზე საკითხის განხილვისა და დასკვნის მომზადების უფლება აქვს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. თუმცა, ეს მოქალაქეობის მისაღებად და დასაკარგად საკმარისი პროცედურა არ არის. დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და მხოლოდ მას აქვს ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიური უფლება. შესაბამისად, სანამ პრეზიდენტი არ გამოსცემს სათანადო ბრძანებულებას (ან განკარგულებას), მანამ სამართლებრივად პირი ვერ მიიღებს და ვერ დაკარგავს მოქალაქეობას, თუნდაც რომ არსებობდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი დასკვნა.

იმ შემთხვევაში, თუ პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, მას უფლება აქვს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მიღებული პრეზიდენტის ბრძანებულება სასამართლოში გაასაჩივროს. სარჩელის სასამართლოში მიღებიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული ბრძანებულება ითვლება შეჩერებულად. შესაბამისად, პირი სასამართლოში დავის პერიოდში ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გასაჩივრებული ბრძანებულება სასამართლოში სარჩელის მიღების მომენტისათვის უკვე აღსრულებული იქნება, მხარის მოთხოვნით სასამართლოს უფლება აქვს გააუქმოს აღსრულება. აღნიშნულ შემთხვევაშიც, სასამართლოში დავის პერიოდში პირი ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ.

გარდა სასამართლოში გასაჩივრებისა, პირს, რომელსაც მოქალაქეობა შეუწყდა და არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, უფლება აქვს ხელახლა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით. თუ პირი აკმაყოფილებს მოქალაქეობის მიღების ზოგად მოთხოვნებს (უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, იცის სახელმწიფო ენა, ისტორია, საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და ა.შ. იხ. ზემოთ), კანონის თანახმად, მოქალაქეობის მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მან:
ა) ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ;
ბ) მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში.  გ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებით შესაძლებელია მიმართოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მოითხოვოს ე.წ. ,,ორმაგი მოქალაქეობის“ მიღება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს ის საკითხი აქვს თუ არა პირს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს თუ არა სახელმწიფო ინტერესებიდან.  რომელიმე მითითებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში,  პრეზიდენტი პირს ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მოქალაქეობის მიღებაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. პირს ასევე უფლება აქვს სასამართლში გაასაჩივროს პრეზიდენტის ბრძანებულება მოქალაქეობის მიღებაზე უარის თქმის  შესახებ.





ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge