საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისთან 8 სექტემბერს 13:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საიას მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საიას, რომლის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაკორექტული კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა. ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერით საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები გადაიცა. სოლიდარობის აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 26 მაისის აქციის დროს განვითარებული მოვლენებისას ერთ-ერთი დაღუპული პირის, ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგად მიღებული დასკვნის გავრცელების შესახებ
2011 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ამა წლის 26 მაისის აქციის დროს განვითარებული მოვლენებისას ერთ-ერთი დაღუპული პირის, ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგად მიღებული დასკვნა გაავრცელა.
საიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას. დასკვნაში ცალსახად არის მითითებული, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ექსპერტიზისთვის გაგზავნილ ფოტო და ვიდეო მასალაზე, რომელიც რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემაში „კურიერი“ 31 მაისს გავრცელდა, გამოსახული პიროვნებები ერთი და იგივეა.
დამოუკიდებელი ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, არაკორექტული კომენტარები გაკეთდა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ამის პარალელურად სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერსა“ და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკაში“ გავიდა საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები, რომლებიც მომზადდა ჟურნალისტიკის სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების სრული უგულებელყოფით. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ ეჭვი იქნა შეტანილი საიას მიუკერძოებლობასა და არა ექსპერტიზის დასკვნის სიზუსტეში.
საია - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, პროფესიულ წევრობაზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში იღვწის ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის, გახდა არაობიექტური განკიცხვის საგანი როგორც სამთავრობოს სტრუქტურების, ასევე კერძო სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან.
ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გაჟღერებულა არგუმენტირებული განცხადება იმის თაობაზე, თუ რატომ შეაქვს ეჭვი შსს-ს თვით საექსპერტო დასკვნის შინაარსში, რაც ეჭვს ბადებს შსს-ს წარმომადგენლების პროფესიონალიზმსა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე მსგავსი დაუსაბუთებელი თავდასხმა, რათა არ მოხდეს ფართო საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციისა და მთლიანად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ აგორებული ნეგატიური კამპანიის გამო და თანადგომას უცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციას.
იმავდროულად მოვუწოდებთ:
მასმედიის წარმომადგენლებს - კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და ტელეკომპანია „იმედს“, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის ნორმები საინფორმაციო სიუჟეტის მომზადებისას და საჯაროდ ბოდიში მოიხადონ საიას და საქართველოს მოსახლეობის წინაშე ფაქტების დამახინჯებით გაშუქების გამო.
საქართველოს ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ განაახლოს გამოძიება მოქალაქე ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, წარმართოს საქმის გამოძიება მიუკერძოებლად და გამოძიების შედეგები აცნობოს საზოგადოებას.
ხელმომწერები:
1. საზოგადოებრივი დამცველი
2. ჯანმრთელი სამყარო
3. არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი
4. მრავალეროვანი საქართველო
5. 21-ე საუკუნე
6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
7. კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის
8. ადამიანის უფლებათა ცენტრი
9. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
10. მიგრანტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი
11. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორსო ცენტრი
12. ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი
13. საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო
14. ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო
15. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
16. სამართალი და თავისუფლება
17. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
18. საქართველოს პროფკავშირები
19. სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი
20. კავკასიური სახლი
21. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
22.საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge