საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებენ ხელისუფლებას განმარტონ, რის საფუძველზე ხდება "მაესტროს" სატელიტური თეფშების დაყადაღება

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მთავარ პროკურატურას გამოაქვეყნონ შესაბამისი მტკიცებულებები და წარმოადგინონ ადეკვატური იურიდიული განმარტებები ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ იმპორტირებული სატელიტური თეფშების დაყადაღების შესახებ.

სატელიტური თეფშების დამონტაჟების აღკვეთა, რომლის გავრცელებაც, "მაესტროს" განცხადებით, მის მფლობელთა დაფინანსებით მოხდება, შესაძლოა საზოგადოების მიერ მედიის ხელმისაწვდომობის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად იყოს აღქმული. მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს პროპორციული და უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. ასევე, ნათლად და საჯაროდ უნდა განიმარტოს,  რატომ არის "მაესტროს" მიერ თეფშების გავრცელება ამორჩევლის მოსყიდვა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, "მაესტროს" მიერ ანტენების დისტრიბუციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა და შესაბასმისად აქციის პირობები ცნობილი არ არის. მიმდინარე წლის 3 ივლისს მაესტროს დირექტორმა ილია კიკაბიძემ media.ge-ს განუცხადა: „ხელშეკრულებაზე ჩვენი იურისტები მუშაობენ.ახლა არ შემიძლია გითხრათ, კონკრეტულად რა ეღირება ეს თეფშები, ან რა პირობები იქნება. მაგრამ გადასახადს ძალიან მინიმალურს,სიმბოლურ თანხას დავაწესებთ“.

საქართველოს მთავარი პროკურატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტლება სასამართლოსთვის ყადაღის გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე“, რადგანაც გამოძიების ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია  „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები   მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.“

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge