2012 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის საქმიანობა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. მისი თქმით "ალია" და მსგავსი გაზეთები და "მოფაშისტო ელემენტები" მათ (ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი) "შეჭამდნენ და შუაზე გაგლეჯდნენ". სააკაშვილის აზრით, ისინი ქადაგებენ იმას, რასაც ილია "უმეცრების ფათი ფუთს" უწოდებდა. "რა თქმა უნდა ისინი მარგინალიზებულები არიან და ვერასოდეს დაუბრუნდებიან საზოგადოების მთავარ ნაწილს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი თვლის, რომ როგორიც არ უნდა იყოს ქართული მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტი მხოლოდ საზოგადოებაა უფლებამოსილი შეაფასოს ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.
დაუშვებელად მიგვაჩნია უმაღლესი თანამდებობის პირის (პირების) მიერ ჟურნალისტებისთვის იმის მითითება თუ რა სახით და რომელი ინფორმაცია უნდა იქნეს საზოგადოებისთვის მიწოდებული, ასევე ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია მედიის წარმომადგენელთა მარგინალიზებულ ჯგუფად ჩამოყალიბებისკენ. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი საფუძველია და ეს უფლება დაკავშირებულია როგორც პრესის თავისუფლებაზე შეასრულოს საკუთარი მოვალეობა, ასევე საზოგადოების უფლებაზეც მიიღოს ეს ინფორმაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ ინფორმაციასა და იდეებზე, რომლებსაც უწყინარად მიიჩნევენ, იზიარებენ ან გულგრილად ეკიდებიან, არამედ იმათზეც, რომლებიც აღაშფოთებენ, თავზარს სცემენ და შეურაცხყოფენ საზოგადოების რომელიმე ნაწილს ან სახელმწიფოს.
საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იმედოვნებს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება და არ გამოიწვევს ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულების მოვალეობისაგან თავის შეკავებას - საზოგადოებას სრულად და ობიექტურად მიაწოდონ ინფორმაცია.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge