საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენს ჟურნალისტების მაია და ნინო ედილაშვილების ინტერესებს. ნინო და მაია ედილაშვილები მუშაობდნენ შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქში“: ნინო ედილაშვილი 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 14 ოქტომბრამდე აღმასრულებელ რედაქტორად, ხოლო მაია ედილაშვილი კი 2007 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 14 ოქტომბრამდე მთავარ რედაქტორად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს ვიქი" თვეების განმვალობაში არ აძლევდა კუთვნილ ხელფასს. დამსაქმებელს საბოლოო ანგარიშსწორება ჟურნალისტებთან არ მოხდენია მათი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც.
საიაში არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარებით ჟურნალისტებმა წარადგინეს სარჩელი სასამართლოში, რომლითაც მოითხოვეს მათ მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (დატოვებულია უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით) შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს ვიქს” დაეკისრა მაია და ნინო ედილაშვილების სასარგებლოდ 2009 წლის 14 ოქტომბრიდან ხელფასის ანაზღაურების ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.07% ანაზღაურება, რაც საერთო ჯამში შეადგენს 9050 (ცხრა ათას ორმოცდაათ) ლარს. სამწუხაროა ის გარემოება, რომ მოქმედი მედია ორგანიზაცია დღემდე არ ასრულებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას და არ იხდის ჟურნალისტების მიმართ არსებულ სახელფასო დავალიანებას.
საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი კატეგორიულად მოუწოდებს „ჯორიან ბიზნეს ვიქის“ ხელმძღვანელობას შეწყვიტონ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა და დაუყოვნებლივ აღასრულონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge