2011 წლის 7 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის ერთობლივი პროექტის - „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ - პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა პროექტის გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ღონისძიების მიზანი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე, მომავალი თანამშრომლობის გზების დასახვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ძირითად მიმართულებებსა და დაგეგმილ აქტივობებს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებას. კერძოდ: მონიტორინგის მხარდაჭერას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მონიტორინგის ჯგუფს შეუერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორი ადვოკატი, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან მონიტორინგის მისიაში.
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პატიმართათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. აღნიშნულ აქტივობას საია უკვე წლებია ახორციელებს, თუმცა, ამ პროექტის ფარგლებში მოხდება სახალხო დამცველის მიერ საიაში პატიმართა იმ განცხადებების გადამისამართება, რომლებზეც სახალხო დამცველს არ შეუძლია რეაგირება და იურიდიული დახმარების გაწევა.
პროექტის კიდევ ერთ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების ადვოკატირება. კერძოდ, პენიტეციურ სისტემაში იდენტიფიცირებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე კვლევების მომზადება, სამუშაო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება. ამასთან, პროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების დაფიქსირებას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge