საქართველოს პარლამენტი პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. სიახლეები ეხება პატიმართა როგორც წამახალისებელ, ისე შემზღუდავ ღონისძიებებს. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. ის გამოეხმაურა მსჯავრდებულთათვის ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვის საკითხს, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეაფასა. საიას მოსაზრებები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წერილობითი სახით ამა წლის 27 ოქტომბერს წარედგინა. კანონპროექტი ამ ეტაპზე პირველი მოსმენით არის მიღებული.
კანონპროექტი ითვალისწინებს სატელეფონო საუბრის, ვიდეო პაემნის და პაემნის რაოდენობის გაზრდას, როგორც პატიმრის წახალისების ფორმას, ასევე, მოიცავს მთელ რიგ შემზღუდავ ცვლილებებსა და დამატებებს. მაგალითად, კანონპროექტის მე-9 მუხლით, დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს ახალი სახეები ემატება. ესენია: თ) სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციების მიღების და გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; კ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით, ლ) ფულადი გზავნილის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით.
საიას მოსაზრებით, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით და პირადი ხასიათის კორესპონდენციების მიღების და გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით წარმოადენს დისციპლინური სახდელის არაგონივრულ სახეს. საპატიმრო დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის მაღალი რისკის პირობებში, პატიმრის დაცვის ერთ-ერთ გარანტად სწორედ სატელეფონო საუბარი და კორესპონდენციებზე ხელმისაწვდომობაა წარმოდგენილი. სახდელის სახით მათი შეზღუდვა გამოიწვევს პატიმრის სრულ იზოლაციაში მოქცევას და თავად ადვოკატთან ურთიერთობის აკრძალვასაც კი. ეს უკანასკნელი პირდაპირ ეწინააღმდეგება წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის რეკომენდაციას საქართველოს მიმართ. ზემოთ აღნიშნული სახდელის დაკისრებით, ადვოკატის მიმართ ხელმისაწვდომობა ავტომატურად გამოირიცხება, რადგან პატიმრობის კოდექსში ვერ ვხდებით ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ადვოკატთან კომუნიკაცია პატიმარს არ შეიძლება შეეზღუდოს სახდელის დაკისრების შემთხვევაში. შესაბამისად, სატელეფონო საუბრის უფლებისა თუ პირადი ხასიათის კორესპონდენციების მიღების/გაგზავნის უფლების შეზღუდვა პატიმარს დააბრკოლებს არასათანადო მოპყრობის საკითხთან დაკავშირებული საჩივრის ან განცხადების შესაბამისი ადრესატისთვის (მაგალითად, სახალხო დამცველისათვის) მიწოდებაში იმ ფონზე, როდესაც მას ადვოკატთან კონტაქტის უფლებაც კი არ ექნება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველისთვის მიმართვა, რომელიც სწორედ კორესპონდენციის საფუძველზე ხორციელდება, პატიმარს ასევე აეკრძალება ზემოაღნიშნული სახდელის დაკისრების შემთხვევაში, რაც მისთვის დაცვის ერთ-ერთი გარანტიის ჩამორთმევას წარმოადგენს.
კანონპროექტის მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა დისციპლინური სახდელის მოქმედების, როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისათვის დაწესებული წინაპირობის გაუქმება. აღნიშნული წინაპირობის მოხსნა საშუალებას იძლევა, ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომისას გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა. მაგალითად, ერთ-ერთი დისციპლინური დარღვევის სახეა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რომლის ჩადენის შემთხვევაში, ახალი ნორმით, შესაძლებელი ხდება პატიმარს მიესაჯოს ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღე-ღამის ვადით. შესაბამისად, აღნიშნული ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენების სტანდარტი არაგონივრულად დაბლა იწევს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ „დასჯის სიმკაცრე დარღვევის პროპორციული უნდა იყოს“. გარდა ამისა, იგი ასევე განსაზღვრავს, რომ „პირის სამარტოო მოთავსება, როგორც დასჯის ღონისძიება, შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევასა და კონკრეტული პერიოდით იქნეს გამოყენებული და რაც შეიძლება მოკლე ვადით“. ადმინისტრაციული პატიმრობა პირის სამარტოო მოთავსებაა, რომელიც მისი გამოყენების წინაპირობის მოხსნის (უკვე დადებული სახდელის მოქმედების ვადაში ახალი დისციპლინური დარღვევის ჩადენა) პირობებში, საკანონმდებლო დონეზეც კი გამორიცხავს მის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და რაც შეიძლება მოკლე პერიოდით გამოყენებას. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება ეწინააღმდეგება ხსენებულ რეკომენდაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას არაპროპორციულ სანქციად აქცევს.
საიას მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და უფრო მეტად დახვეწოს კანონპროექტი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge