2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა მსჯავრდებული ალექსანდრე აკაკის ძე დადიანი. სამედიცინო ცნობაში გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ტუბ.ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
იმავე სამედიცინო ისტორიის თანახმად, მსჯავრდებული მძიმედ იყო დაავადებული. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია: ,,ა. დადიანს ამჟამად აღენიშნება მძიმე ფტიზიატრიული პათოლოგია, ხოლო ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ არის.” მიუხედავად იმისა, რომ, დასკვნის თანახმად, დადიანი ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ იყო, მხოლოდ მძიმე ფტიზიატრიული დაავადება სასჯელის მოხდის გადავადების საფუძველს წარმოადგენს. სასჯელის გადავადების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ,,უსაფუძვლობის გამო” არ დაკმაყოფილდა ა.დადიანის შუამდგომლობა სასჯელის შემდგომი მოხდის გადავადების შესახებ, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატმა საჩივარში დააფიქსირა, რომ მსჯავრდებული დადიანი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდებოდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თუმცა, ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. 2012 წლის 7 მარტს დადიანი გარდაიცვალა.
15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადიანს კვლავ უარი ეთქვა სასჯელის გადავადებაზე. სასამართლო მიუთითებდა, რომ ,,მართალია, ფტიზიატრიული თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას.” თუმცა, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობამდე დადიანი მძიმე დაავადების გამო უკვე 8 დღის გარდაცვლილი იყო.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს სასამართლო, ხოლო გათავისუფლების საკითხს -საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედი კომისია. პრაქტიკა ადასტურებს, რომ როგორც სასამართლოში, ასევე კომისიაში აღნიშნული საკითხის განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ ხდება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შეფასება, განცხადებაზე დროული და ადეკვატური რეაგირება, რაც, არცთუ იშვიათად, ფატალური შედეგით მთავრდება.
ოთარ ხაბელაშვილის საქმე: მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდის გადავადება-გათავისუფლების მიზნით საია საადვოკატო დახმარებას უწევდა მსჯავრდებულ ოთარ ხაბელაშვილს, რომელიც მძიმედ იყო დაავადებული ტუბერკულოზით. სასამართლოსთვის უშედეგო მიმართვის შემდეგ, 2011 წლის 7 ნოემბერს ხაბელაშვილმა მუდმივმოქმედ კომისიაში შეიტანა განცხადება. თუმცა, ამ განცხადებაზე დღემდე რეაგირება არ მომხდარა. 2012 წლის 2 მარტს საიას ადვოკატმა კვლავ მიმართა კომისიას და აცნობა, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა მძიმეა და შეიძლება გარდაიცვალოს, შესაბამისად, კვლავ ითხოვა განცხდების განხილვის დაჩქარება.
2012 წლის 10 აპრილს ჩვენ სხვა პატიმარმა გვაცნობა, რომ ოთარ ხაბელაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ადვოკატმა #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიაკითხა (ხაბელაშვილი სასჯელს იქ იხდიდა), სადაც განუცხადეს, რომ ასეთი პატიმარი მათთან არ ირიცხება. ჩვენ ზუსტი ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობით მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუმცა, ოჯახის წევრებმა დაგვიდასტურეს, რომ ოთარ ხაბელაშვილი #18 დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ვფიქრობთ, რომ კომისიის ქმედება არათუ არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ შესაძლოა რიგი შემთხვევები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ფაქტებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
საია რამდენიმე მსჯავრებულს უწევს საადვოკატო დახმარებას სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების მიზნით. მათი მდგომარეობა ასევე უკიდურესად მძიმეა, თუმცა ,,უსაფუძვლობის გამო” მათაც უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მიგვაჩნია, რომ თუკი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები – სასამართლო და კომისია ზემოაღნიშნულ ფორმალურ მიდგომას ან უმოქმედებას გააგრძელებენ, ამ პატიმრებთან მიმართებაში აზრს დაკარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის უფლების ხელყოფა გამოიწვიოს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge