საიას განცხადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით

2011 წლის 18 ნოემბერს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. მსაჯულებმა 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნეს ბრალდებული პირები.

19 ნოემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი დაზარალებული პირის ოჯახის წევრებს შეხვდა და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა სასამართლოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა "სწორი" გადაწყვეტილება მიიღეს, დამნაშავეები დასაჯეს და ერთგვარი მადლიერებაც გამოხატა მსაჯულების მიმართ, გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების გამო.

მიგვაჩნია, რომ ამგვარი განცხადება ცხადი გზავნილია საქართველოს მოქალაქეების (რომლებიც პოტენციურ ნაფიც მსაჯულებს წარმოადნენ) მისამართით, იმის თაობაზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს `სწორ~ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, მომავალი მსაჯულებიც ამისკენ უნდა ისწრაფვოდნენ.
მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მსგავსი განცხადებები მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას წარმოადგენს, რაც ყოვლად მიუღებელია. თანამდებობის ყველა პირი, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან / განცხადებისგან, რომელმაც პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძლება გავლენა იქონიოს მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

აღნიშნული განსაკუთრებულად აქტუალურია ნაფიც მსაჯულებთან მიმართებით, ვინაიდან სისტემა მხოლოდ ახლა ყალიბდება, ქართულ საზოგადოებას კი, არ გააჩნია მსაჯულად ყოფნის გამოცდილება. რაც ნიშნავს, რომ თითოეული საჯარო განცხადება, მით უმეტეს, გაკეთებული უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, ზეგავლენას ახდენს მსაჯულების მიმართ საზოგადოების პოზიციის და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.

აქვე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პოტენციურად შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ერთჯერადად გასაჩივრება. რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ საქმეზე მსჯელობა შესაძლოა, გაგრძელდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგაც. ასეთ დროს, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიონ კონკრეტული საქმის შედეგებზე, რაც მიუღებლად მიგვაჩნია.

მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებისგან, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს მართლმსაჯულეიბს განხორციელებაზე.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge