საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2011 წლის 29 ნოემბერს მიმართა მსჯავრდებულ კახა ბარათაშილის ადვოკატმა კახა მუმლაძემ. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა მუქარას და ფიზიკურ ზეწოლას.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მსჯავრდებული კახა ბარათაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაყვანილ იქნა #18 მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. მისი განმარტებით, გაუსაძლისი ტკივილის გამო არაერთხელ მოითხოვა ექიმთან შეხვედრა კონსულტაციის მიზნით, რასაც დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. ამასთან, ავადმყოფ მსჯავრდებულს მოსთხოვეს ტანსაცმლის გახდა, რის შემდეგაც, შიშველ სხეულზე დაასხეს ცივი წყალი. ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარასაც.
კახა ბარათაშვილის განმარტებით, სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა იგი აიძულეს, დაეწერა განცხადება, სადაც მიუთითებდა, რომ დაზიანებები, გაუსაძლისი ტკივილის დროს, თავად მიიყენა. ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა ასევე მუქარა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტების გახმაურების შემთხვევაში, შესაძლებელია მას აღმოჩენოდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რაც მისი პატიმრობის ვადის გაგრძელების საფუძველი გახდებოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საიას ადვოკატებს, 2011 წლის 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე, სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან ეზღუდებოდათ მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილთან შეხვედრის უფლება. საბოლოოდ, მასთან შეხვედრა 5 დეკემბერს შედგა.
საია გმობს მსჯავრდებულ ბარათაშვილის მიმართ განხორიელებულ ძალადობას და მიაჩნია, რომ მსგავსი მოპყრობა გაუმართლებელია. ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთ ფაქტს ადგილი აქვს სამკურნალო დაწესებულებაში. ასევე, დაუშვებელია, მსჯავრდებულისა და დამცველის აუდიენციის შეზღუდვა.
საია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბარათაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ, აღნიშნული ფაქტების გახმაურებით, საფრთხე არ დაემუქრება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge