გასული ორი დღის მანძილზე საქართველოს კონტროლის პალატა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შენობებში მასიურად იბარებს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეები დაიბარეს ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, საგარეჯოში, გურჯაანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში. რეგიონებში მცხოვრებ ათეულობით მოქალაქეს საქართველოს კონტროლის პალატიდან ერთი და იმავე შინაარსის უწყება მიუვიდა. უწყების თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები დაბარებულნი იყვნენ ახსნა-განმარტების მისაცემად.
ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტებისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დღესაც მიმდინარეობს. 12 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეებისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პერიოდში ადმინისტრაციულ შენობაში შეზღუდული იყო გადაადგილების შესაძლებლობა, როგორც მოქალაქეების, ასევე ჟურნალისტებისთვის. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 12 მარტს ლანჩხუთში ახსნა - განმარტების ჩამორთმევა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბარებული მოქალაქეები რიგ შემთხვევებში არ იყვნენ უზრუნველყოფილნი დაცვის უფლებით.
საიას ხელთ არსებული ინფორმაციით ამ წუთებში ახსნა-განმარტების ჩამორთმევა მიმდინარეობს ბათუმშიც, მოქალაქეები დაბარებულნი არიან ქუთაისშიც.
ამ წუთებშიც გრძელდება მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც საიას ადვოკატები წარმოადგენენ რამდენიმე პირის ინტერესს. ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხდება დაბარებული პირების პირადი შემოწმება უსაფრთხოების მიზნით, რომელიც საიას ადვოკატების განცხადებით, რიგ შემთხვევებში, შეურაცხმყოფელი ფორმა აქვს. კონტროლის პალატის წარმომადგენლები ახსნა-განმარტების ჩამორთმევის დროს ინტერესდებიან რამდენიმე საკითხით: არის თუ არა მოქალაქე რომელიმე პარტიის წევრი, ავრცელებს თუ არა „ქართული ოცნების“ გაზეთებს, აგროვებდა თუ არა ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და შესაბამისად, იღება თუ არა ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ კითხვების დასმა დაბარებული პირებისთვის მიმდინარეობს რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც მოქალაქეების მხრიდან დამთრგუნველად აღიქმება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული იმ ფაქტის შესახებ, რის თაობაზედაც ხდება მათი დაბარება ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად. უფრო მეტი, თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლებით. პროცესი უნდა იყოს საჯარო და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა მისცეს თითოეულ მოქალაქეს დაცული უფლების რეალიზების საშუალება.
საია მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატას ობიექტურობის და საჯაროონის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოს თოთოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროცესებშიც და ახორციელებს მომმართველებისათვის უფასო სამართლებრივი დამხარების გაწევას. ყველა პირს, ვინც ჩათვლის, რომ ესაჭიროება სამართლებრივი დახმარება, შეუძლია მიმართოს ორგანიზაციის როგორც თბილისის, ასევე რეგიონეულ ოფისებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge