საიას განცხადება კონტროლის პალატის მიერ დაბარებული პირების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თაობაზე

 

დღეს 2012 წლის 16 მარტს 15:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ პრესკონფერენცია გამართა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის წესით სამმართველოებში დაბარებულ ადამიანებთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ შსს-ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 3482-ე მუხლით გამოძიების დაწყება, რომელიც კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაბარებული პირების მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის  ფაქტებს უკავშირდება უკანონოა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტროლის პალატის მიერ ინტენსიურად ხორციელდება იდენტური შინაარსის უწყებებით მოქალაქეთა დაბარება ახსნა-განმარტების მისაცემად.

უწყების თანახმად, მოქალაქეებს იბარებენ იმ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი,  თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე უწყებით, დაბარებულ პირებს განემარტებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გარანტირებული უფლებები და მოვალეობები, რომელიც თავის მხრივ, მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს გააჩნია.

 

უწყება აკეთებს მითითებას, რომ კონტროლის პალატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება კანონით. თუმცა, არ არის დაკონკრეტებული რომელი კანონის საფუძველზე და რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ვალდებულების დამრღვევ პირს.

 

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული უწყების შინაარსი  ბუნდოვანია და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები არ არის განჭვრეტადი. შესაბამისად, დაუშვებელია უწყებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენდეს გამოძიების დაწყებისა და პირისთვის სისხლის სამართლებრივი პაასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, შემდეგ გარემოებათა გამო:

- უწყებიდან არ ირკვევა კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით მოხდა მოქალაქეების დაბარება და რა სახის წარმოება მიმდინარეობს კონტროლის პალატის მიერ;  უწყების ტექსტი ერთდროულად საუბრობს ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასა და სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ თვალთმაქცურ გარიგებაზე, რომელიც სხვადასხვა სამართალწარმოების სფეროა  და პირს სხვადასხვა საპროცესო გარანტიებს ანიჭებს.

- კონტროლის პალატის უწყების მიხედვით, მოქალაქეებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები განემარტებათ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლი), რაც თავისთავად გამორიცხავს, რომ ისინი მოწმის სტატუსით არიან დაბარებული. თუკი კონტროლის პალატას ამ პირთა მოწმის სტატუსით დაბარება სურდა, გაგზავნილ უწყებაში მითითებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არა 252-ე, არამედ 256-ე მუხლი, რომელიც სწორედ მოწმის დეფინიციას იძლევა. უწყება საერთოდ არ აკეთებს მითითებას ამ პირების მოწმის სტატუსზე. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ უწყება იყენებს ტერმინს ახსნა-განმარტება და არა ჩვენება, რაც ვერ შექმნიდა პირის მოწმის სტატუსით დაკითხვის სამართლებრივ მოლოდინს. შესაბამისად, დაუშვებელია ამ პირთა გამოუცხადებლობა ან/და ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გახდეს მათ მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 3482-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის საფუძველი. უწყების მეტისმეტად ბუნდოვანი ტექსტი მოქალაქეს ამ ფორმის პასუხისმგებლობის ალბათობის განჭვრეტის შესაძლებლობას არ აძლევს.

- აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი, უწყების თანახმად, მოქალაქეებს ადმინიტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები განემარტად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ შეიძლება გახდეს მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, რადგან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.

- მეტიც, საია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პირების დაბარება მოხდებოდა მოწმის სტატუსით, უწყების ბუნდოვანი ხასიათის გამო მოქალაქეებისთვის გაურკვეველი იქნებოდა კონკრეტულად რა ფაქტებთან დაკავშირებით  უნდა მიეცათ ახსნა-განმარტება. როგორც საიას ადვოკატების მიერ მოპოვებულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა აჩვენა, ძირითად შემთხვევაში მოქალაქეებს უსვამენ ზოგადი ხასიათის შეკითხვებს, რომელიც კავშირში არ არის ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტთან. ამასთან, მოქალაქეებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია რიგ შემთხვევებში აშკარად არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

შესაბამისად სიას-ს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კონტროლის პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გადაუგზავნა მასალები შს სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რითაც გააძლიერა ეჭვები ამ პროცესის კანონიერ მიზნებთან შესაბამისობის თაობაზე. ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი უწყების საფუძველზე დაბარებული პირების გამოუცხადებლობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს შსს-ს მიერ გამოძიების დაწყების და მომავალში ამ პირთა შესაძლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

საია აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტროლის პალატის და შემდგომ შსს მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელიც მასობრივად ხორციელდება საქართველოს რეგიონებში, მოქმედი კანონმდებლობის აშკარა არასწორი გამოყენებით ხორციელდება. კონტროლის პალატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგავრი მიდგომა აძლიერებს ეჭვებს, რომ ეს ქმედებები სცილდება პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესწავლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და სულ უფრო მეტად იძენს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის ხასიათს.

 

 

 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge