საიამ პარლამენტს საპენსიო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები წარუდგინა

საქართველოს პარლამენტი განიხილავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონსა და „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მათთან დაკავშირებით საიამ თავისი დასკვნა საქართველოს პარლამენტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრს უკვე წარუდგინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობისათვის პარლამენტის კომპეტენციათა მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირების ინიციატივას, რომელიც წინამდებარე კანონპროექტშია წარმოდგენილი. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, კანონი არ დაარეგულირებს სოციალურ პაკეტის მოცულობას და მას საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს. სოციალური პაკეტის მიღებნი მარჩენალდაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტს, რომელიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი მნიშვნელობის მქონე საკითხზე. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტია სწორედ ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. შესაბამისად, ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე გადაწყვეტილება სწორედ პარლამენტში უნდა მიიღებოდეს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა უფრო მეტად გამჭვირვალეა და მასში მონაწილეობისა და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა დაინეტერსებულ მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას უფრო მეტად აქვს. მისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა გამჭვირვალე არ არის. წინასწარ არ ქვეყნდება მთავრობის სხდომის დღის წესრიგები ან მისაღები გადაწყვეტილებების პროექტები, მთავრობის რეგლამენტის მიხედვით კი, მისი სხდომა, როგორც წესი, დახურულია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ სოციალური პაკეტის მოცულობა უნდა განისაზღვრებოდეს სწორედ საქართველოს პარლამენტის, და არა საქართველოს მთავრობის მიერ.

დასკვნაში ყურადღებაა გამახვილებული ასევე ისეთ ხარვეზებზე, როგორებიცაა საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა იმ პირებისათვის, რომელთაც 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გარდაეცვლებათ მარჩენალი ან დაუდგინდებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი,  პენსიის დანიშვნის თარიღის ცვლილება პენსიის მიმღებ პირთა საუარესოდ და კანონპროექტში არსებული ბუნდოვანებები. საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინონ აღნიშული რეკომენდაციები და ხელი შეუწყონ მარჩენალდაკარგული პირებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების სოციალური უფლებების ჯეროვან დაცვას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge