ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში რიგით მეორე ანგარიში წარადგინა სახელწოდებით: ”დევნილთა მხარდასაჭერად ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი”.
ანგარიშის პირველი ნაწილი მიეძღვნა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დონორთა მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი და სახელმწიფოს მიერ დახარჯული ფინანსური სახსრების მონიტორინგს. რაც შეეხება, მეორე ანგარიშს, აქ მიმოხილულია დევნილთა საცხოვრებელ ადგილებში კომუნიკაციის საშუალებების გაყვანა-დამონტაჟებაზე დახარჯული თანხების მონიტორინგის შედეგები. საიამ შეისწავლა კონკრეტულ ადგილებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და გაზიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების ამსახველი მასალები. გარდა ამისა, ადგილზე დათვალიერების გზით გადაამოწმა რეალურად შესრულებული სამუშაოები.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აუცილებელია შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვისას ყურადღება მიექცეს მოსახლეობის საჭიროებებს და ადგილობრივმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები ხშირად არღვევდნენ სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში კი არ ხდებოდა ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნა დამკვეთის-სახელმწიფოს მხრიდან.
ღონისძიება გაიმართა ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტისა’’ და ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა საქართველოში’’ ფარგლებში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge