დღეს, 28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე.
2011 წლის ამ დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის „ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, ღონისძიებები ერთდროულად ჩაატარა თბილისის, ქუთაისის, გორისა და თელავის ოფისებში.
თბილისში „ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაზე თანხმობების გაცემასთან“ დაკავშირებით მომზადებული კვლევისა და საიას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია გაიმართა.
საიას კვლევაში „ქ. თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაზე თანხმობების გაცემა“ ასახულია თბილისის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ადგილებში, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსებაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების კანონიერების პროცესი, ძირითადი ტენდენციები და პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები. კვლევის მიხედვით გამოვლინდა გადაწყვეტილებების ტენდენციურად მიღების ფაქტები, „პრივილეგირებული“ კომპანიების არსებობა, ასევე, მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის შემთხვევები.
დღესვე საიამ საზოგადოებას წარუდგინა „საიას საჯარო ინფორმაციის ბაზა“ www.gyla.ge/foib, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ყველასათვის მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს ის ინფორმაცია, რასაც საია მოიპოვებს საჯარო დაწესებულებებიდან. ბაზის მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს საჯარო დაწესებულებების მიერ მოწოდებულ პირველად დოკუმენტებს, ასევე, პარალელურად მიიღოს ინფორმაცია, თუ რა საკითხებით ინტერესდება საია და რა დოკუმენტებზე დაყრდნობით წარმოადგენს საკუთარ პოზიციას.
რეგიონულ ოფისებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე და იმ დაბრკოლებებზე, რაც საიას საჯარო ინფორმაციის მოძიებისას ექმნება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუცემლობაზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge