საიამ და სახალხო დამცველმა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს.

წელს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმა.  კერძოდ, 26 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა და საიას თავმჯდომარემ დიღმის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორებს გადასცეს პოსტერები და ბროშურები. აღნიშნული ბროშურები და პოსტერები,   ხელს შეუწყობს თავისუფლებააღკვეთილ პირთა ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ, რაც თავის მხრივ გარკვეულ როლს შეასრულებს არასათანადო მოპყობისა და წამების პრევენციის კუთხით. უფრო მეტიც, პოსტერები და ბროშურები ხელს შეუწყობს დაწესებულების თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებასა და ამაღლებასაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის.

პოსტერები და ბროშურები, რომლებიც მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის “პატიმართა უფლებების გაუმჯობესება-ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში, განკუთვნილია როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთათვის. ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ეროვნული უმცირესობების გათვალისწინებით, პოსტერები და ბროშურები მომზადდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

აღნიშნული პოსტერები და ბროშურები საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებს გადაეცემათ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ზაფხულის მონიტორინგის დროს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge