საია უზენაესი სასამართლოს განცხადებას ეხმაურება

კვლევაში განხილული საქმეების სამართლებრივმა ანალიზმა გამოავლინა სერიოზული ხარვეზები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. აღნიშნულს ხელს უწყობს როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე საპროცესო კანონმდებლობის არასწორი განმარტება და დადგენილი არაჯეროვანი პრაქტიკა.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კვლევა, გამოქვეყნებამდე, გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ ეთხოვათ წარმოედგინათ თავიანთი შენიშვნები, თუ კომენტარები კვლევაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არ განხორციელებულა. ჩვენ მაქსიმალურად გვსურდა, სახელმწიფო ორგანოებთან გვეთანამშრომლა ამ მიმართულებითსამწუხაროდ აღნიშნული ვერ მოხერხდა. კვლევის პრეზენტაციას, რომელიც გაიმართა 2011 წლის 10 ივნისს, ესწრებოდნენ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ასევე საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები, თუმცა მათ შეხვედრის მიმდინარეობისას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უზენაესი სასამართლოს გამოხმაურება თუნდაც ამ ეტაპზე მისასალმებელია და ჩვენი კვლევის მნიშვნელოვნებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამრთლოს, ისევე როგორც სხვა ორგანოებიდან მომავალში საფუძვლიან და არგუმენტირებულ კომენტარებსა და შენიშვნებს მივიღებთ კვლევაში აღწერილი და დასაბუთებული პრობლემების, დარღვევებისა და ნაკლოვანებების შესახებ, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა არგუმენტების ჭიდილში ვლინდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს  განიხილოს კვლევის შედეგები დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან და მოისმინოს კონკრეტული არგუმენტები კვლევაში დასმულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge