საია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევად აფასებს გუშინ ღამით ქუთაისის მერიის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, დასუფთავების სამსახურის წყალსატყორცნი მანქანების გამოყენებას ახალგაზრდების საპროტესტო აქციის წინააღმდეგ.
2 მაისს ღამით, ,,ქუთაისქალაქობის” აღსანიშნავად, ,,ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ანთებული სანთლებით გამოსახეს წარწერა ,,გილოცავთ ქუთაისობას.” ტელეკომპანია „მაესტროს” კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ შეკრების მიმდინარეობისას ტროტუარს მიუახლოვდა სატვირთო მანქანა, რომელმაც დემონსტრანტებისა და დანთებული სანთლების მიმართულებით გაუშვა წყლის ჭავლი. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს წყლის ჭავლს სპეცფორმაში გამოწყობილი პიროვნება შეკრების მონაწილეებს.
შეკრება არ იმართებოდა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს არ მოეთხოვებოდათ გაფრთხილების შეტანა ქუთაისის მერიაში. შეკრება იყო კანონიერი. საია დამაჯერებლად არ მიიჩნევს დასუფთავების სამსახურის ქმედების გამართლებას ქალაქის სანიტარიულ-ჰიგიენური ან ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვის ინტერესებით. გაუგებარია, რა საფრთხე შეიძლება შეუმნას ქალაქის სანიტარიულ ან სახანძრო უსაფრთხოებას პლასტიკურ ჭიქაში მოთავსებულმა რამდენიმე სანთელმა.
მერიის ქმედება ქალაქში სანიტარიულ-ჰიგიენური ან ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვითაც რომ ყოფილიყო განპირობებული, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნებოდა უპირატესი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიება თავის თავში გულისხმობს ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდნას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების 43-ე პარაგრაფი საქმეზე ნურეტტინ ალდემირი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ), მათ შორის, საჯარო ადგილებში პლასტიკური საგნების განთავსებას. თუკი შეკრების მონაწილეები არ მიმართავენ ძალადობრივ ქმედებებს, ხელისუფლებას მოეთხოვება შემწყნარებლობა იმ ფორმების მიმართ, რითაც შეკრების მონაწილეები თავიანთ მოსაზრებებს გამოხატავენ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების 56-ე პარაგრაფი საქმეზე ბალჩიკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ). საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სანთლებით საკუთარი მოსაზრების მშვიდობიანი გამოხატვა არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების არსებითი ნაწილი და ხელისუფლებას ეკისრება ნეგატიური ვალდებულება - ხელი არ შეუშალოს აღნიშნულ ღონისძიებას.
ქუთაისის მერიის ქმედება - გაეწმინდა ქალაქი პლასტიკური ნარჩენებისაგან - გამართლებული იქნებოდა მხოლოდ შეკრების დამთავრების შემდეგ, თუკი დემონსტრანტები თავად არ გაიტანდნენ პლასტიკურ საგნებს. საია გაკვირვებულია ქუთაისის მერიის მოუთმენლობით, რომელმაც ღონისძიების დასრულებამდე დაიწყო დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება წყალსატყორცნი საშუალებების გამოყენების გზით.
საია მიიჩნევს, რომ შეკრების თავისუფლების შეზღუდვა იყო უკანონო და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევა. საია მზადყოფნას გამოთქვას, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს შეკრებაში მონაწილე პირებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge