2012 წლის 29 მარტს 11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებლის თამარ ასპანიძის სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ ასპანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მისი შვილის, დავით ასპანიძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. დავით ასპანიძე რესპუბლიკური პარტიის ბოლნისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
თამარ ასპანიძის განცხადებით, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ მისი და მისი შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო მას სკოლის დირექტორმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ასპანიძის თქმით, დირექტორმა აღნიშნა, რომ თუკი ქალბატონი თამარი საკუთარი ნებით არ დატოვებდა სამუშაო ადგილს, მაშინ დირექტორი იძულებული იქნებოდა გათავისუფლების საფუძველი მოეძებნა და შრომითი ურთიერთობა ვადაზე ადრე შეეწყვიტა ან თავადვე დაეტოვებინა საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა. დირექტორის განცხადებით, ასპანიძის, როგორც პედაგოგის მიმართ, არანაირი პრეტენზია არ არსებობდა, თუმცა ის იძულებული იყო ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრიდან მიღებული მითითება შეესრულებინა. ბოლნისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ასპანიძესთან საუბარში არ უარყო პედაგოგის გათავისუფლების სურვილი და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ ქალატონი თამარი არაერთხელ „დაუფიქსირებიათ“ „ქართული ოცნების“ ოფისთან.
თამარ ასპანიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს 2012 წლის 26 მარტს. ბრძანებაში მითითებულია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გახდა. აღსანიშნავია, რომ თამარ ასპანიძე ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგად ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში არასდროს გამოთქმულა მის მიმართ პრეტენზიები ადმინისტრაციის მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართავენ პედაგოგები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების საბაბი მათი ან მათი ოჯახის წევრთა პოლიტიკური შეხედულებებია. უკანასკნელ პერიოდში ასეთი მომართვების რიცხვმა განსაკუთრებულად იმატა. დღეისათვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ოფისები 10 ასეთი პედაგოგის ინტერესებს იცავენ.
ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით ადამიანის დევნა მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ან შეხედულებების გამო წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ მოცემული ფაქტები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დასვან შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge