საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, მყისიერი და ქმედითი რეაგირება მოახდინოს გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის საქმეზე

გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, 2011 წლის 20 ნოემბერს დაადგინეს პიროვნება, რომელიც მათი გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. კერძოდ, 2009 წლის 25 ნოემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, იგი შანტაჟის გზით აიძულებდა თედო ჯორბენაძეს, სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავიდანვე იცავდა თედო ჯორბენაძის ინტერესებს და ითხოვდა დროულ და ეფექტურ გამოძიებას.

2011 წლის 20 ნოემბერს შანტაჟის თვითმხილველმა, გაზეთის გამომცემელმა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა ამოიცნო დავით დევნოზაშვილი ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინასთან, თბილისში, დოლიძის #26-ში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მზია ამაღლობელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, მათთან ერთად იყვნენ გამომძიებლები. მზია ამაღლობელის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ადგილზე ოქმი არ  შეადგინა, ანუ არ მოახდინა მომხდარი ფაქტის დოკუმენტირება. მათი სიტყვიერი განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს.

დღესვე გაზეთ “ბათუმელების” წარმომადგენლებმა საიას დახმარებით განცხადებებით მიმართეს საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს ბატონ გიზო უგულავასა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ივანე მერაბიშვილს და ორივე უწყებიდან სათანადო რეაგირება მოითხოვეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უხეშად დაარღვიეს კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობა, რადგან არ შეადგინეს აქტი გამოძახების შესახებ, რომლის სისწორესაც მზია ამაღლობელი დაადასტურებდა ხელმოწერით. საია მიიჩნევს, რომ პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა დააბრკოლებს გამოძიების ობიექტურ და წარმატებულ დასრულებას. უფრო მეტიც, მან შესაძლოა ბევრად გაურთულოს საქმიანობა საგამოძიებო ორგანოებს. აქედან გამომდინარე, საია კატეგორიულად მოითხოვს:

1.    საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაატაროს სწრაფი და დროული ღონისძიებები ამოცნობილი პირისა და გაზეთის თანამშრომლების დასაკითხად;
2.    დროულად მოახდინოს ამოცნობილი პირის მიმართ ყველა სავალდებულო საპროცესო ღონისძიების გატარება, რათა მან ვერ მოახერხოს გამოძიებისათვის თავის არიდება;
3.    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინოს ადგილზე მისული პოლიციელების ზუსტი ვინაობა და დასვას მათი პასუხისმგებლობის საკითხი;
4.    ორივე უწყებას, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებულ დანაშაულის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.




ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge