საია მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებულ ბრძანებაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებას. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი“.

აღნიშნული წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომ(ებ)ის გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.“

საიას აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნია საქართველოს საკანონმდებლო მაცნის მოცემული უფლებამოსილების გამოყენება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მიმართ. არც ერთ ორგანოს, გარდა პარლამენტისა, არ უნდა ჰქონდეს მის მიერ მიღებულ ტექსტში თუნდაც რედაქციული სახის შესწორების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებებიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფს რედაქციულად გამართული საკანონმდებლო აქტების მიღებას. უფრო მეტიც, კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა სწორედ რედაქციული სახის შეცდომების თავიდან აცილებას ემსახურება.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე გამოეხმაურა მინისტრის ახალი ბრძანების ირგვლივ გამართულ დისკუსიას და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მცირე განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე განმარტავს, რომ: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს აღნიშნული უფლებამოსილება არ ვრცელდება საქართველოს კანონების ტექსტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე. პარლამენტის მიერ მიღებული აქტების მომზადების, განხილვისა და მიღების, ისევე როგორც, მათი გამოქვეყნების წესი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია.“

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო მაცნის მოცემული განმარტება სრულიად მოწყვეტილია იუსტიციის მინისტრის ბრძანების ტექსტს. ბრძანების მიხედვით, საკანონმდებლო მაცნის ახალი უფლებამოსილება ვრცელდება ყველა ნორმატიულ აქტზე. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები (საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი) ნორმატიულ აქტებს წარმოადგენენ. შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ახალი უფლებამოსილება ამ უკანასკნელ დოკუმენტებზეც ვრცელდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას, დაუყოვნებლივ შეიტანოს ცვლილება 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანებაში და საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ახალი უფლებამოსილება არ გაავრცელოს პარლამენტის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასევე, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოეხმაუროს იუსტიციის მინისტრის ზემოაღნიშნულ ბრძანებას და დაიცვას საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებანი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge