საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარეზერვო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების აღიარებას

საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი. აღნიშნულ საქმეში საიამ ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით წერილობითი მოსაზრებები წარადგინა.

საია კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარე, რელიგიურ თუ არარელიგიურ (პაციფისტურ) რწმენას დაფუძნებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება გაავრცელა სარეზერვო სამსახურთან მიმართებაში. საია თავის წერილობით მოსაზრებაში მიუთითებდა, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება და მის საფუძველზე ალტერნატიული სამხედრო სამსახურის მოთხოვნის უფლება წვევამდელს გააჩნდა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან მიმართებაში, იმავდრიულად პირი, რომელიც ექვემდებარებოდა სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოხდას, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე არ ექვემდებარებოდა მსგავსი სახის გამონაკლისს.
საია თავის წერილობით მოსაზრებაში მიუთითებდა, რომ სარეზერვო სამსახურში ისევე არსებობს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გარემოებები, როგორც ეს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან მიმართებაში ხდება. უცხო ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკიდან გამომდინარე, საია მიუთითებდა, რომ საქართველოს საამისო უნარის მქონე მოქალაქის ვალდებულება - დაიცვას ქვეყანა - შესაძლოა განხორციელდეს არასამხედრო, სამოქალაქო ხასიათის საზოგადოებრივი შრომის გზით, მაშინ როდესაც ეს აუცილებელია ადამიანის რელიგიური ან არარელიგიური მრწამსის პატივისცემის მიზნით.

საია კმაყოფილებას გამოთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგისათვის კანონით დადგენილი აკრძალვა - სარეზერვო სამსახურის გავლის ნაცვლად, მოითხოვოს ალტერნატიული სამსახური -  სცნო არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის მე-14 (თანასწორობის უფლება) და მე-19 (რწმენის თავისუფლება) მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული მიდგომა სრულ შესაბამისობაში მოდის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის, გაეროს სხვა უფლებადამცველი ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო პერიოდის პრეცედენტულ სამართალთან (ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ).


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge