2012 წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან (გამოხატვის თავისუფლება) შეუსაბამოდ სცნო კაბელური ქსელით მაუწყებლობის ლიცენზირების ვალდებულება, თუმცა ძალაში დატოვა თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობის ლიცენზირების აუცილებლობა.
საია ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით ჩართული იყო აღნიშნულ საქმეში. აღასანიშნავია ის გარემოება, რომ საიას წერილობითი მოსაზრებები აისახა გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში. საია ამტკიცებდა, რომ საეთერო მაუწყებლობისგან განსხვავებით, საკაბელო და თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობისას არ გამოიყენებოდა ბუნებრივად ამოწურვადი რესურსი - სიხშირე, შესაბამისად, გამართლებული არ იყო, აღნიშნული ტიპის მაუწყებლობის დაწყებისათვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან ლიცენზიის მიღება. თავის მხრივ, ლიცენზიის გარეშე საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, მარეგულირებელ კომისიას უნდა შეენარჩუნებინა, ასეთი მაუწყებლის საქმიანობის კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველისა და საიას მოსაზრებები საკაბელო მაუწყებელთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საკაბელო მაუწყებლობა ხორციელდებოდა არა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სიხშირული სპექტრის მეშვეობით, არამედ მაუწყებლობის განმახორციელებელი პირის კერძო საკუთრების ქვეშ მოქცეული ინფრასტრუქტურით, სწორედ ამიტომ აღნიშნული მაუწყებლობის დასაწყებად საჭირო არ იყო ლიცენზირება. კომისიას რჩებოდა შესაძლებლობა, საკაბელო მაუწყებლის საქმიანობის კანონთან შესაბამისობა გაეკონტროლებინა ლიცენზირების გარეშე. სასამართლომ ასევე არ გამორიცხა საკაბელო მაუწყებლის ვალდებულება, მაუწყებლობის დაწყებამდე წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის მსურველი პირის თაობაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა სახალხო დამცველისა და საიას მოსაზრება თანამგზავრული მაუწყებლის ლიცენზირების ნაწილში. სასამართლომ განაცხადა, რომ თანამგზავრული მაუწყებლობა, საკაბელო მაუწყებლისაგან განსხვავებით სცილდება საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებს და იმავდროულად ექცევა სხვა ქვეყნების იურისდიქციაში, რის გამოც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით რეგულირების საგანს. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, საგარეო ურთიერთობის წარმოებისას სახელმწიფოს დისკრეცია - დააწესოს სალიცენზიო ხასიათის შეზღუდვები - შედარებით ფართოა.
კაბელური მაუწყებლობის ლიცენზირების აუცილებლობამ 2008 წელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა ტელეკომპანია ,,მაესტროს.” ლიცენზიის არ არსებობის გამო კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სანქცია დააკისრა ტელეკომპანია ,,მაესტროს,” რასაც მოჰყვა აღნიშნული სატელევიზიო სადგურის სამაუწყებლო ბადიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის პროგრამების ამოღება. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მოტივით კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,მაესტროს” უარი უთხრა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში. საბოლოოდ დავის მონაწილე მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება და ლიცენზიის მოდიფიცირების გზით ,,მაესტრო” საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მხოლოდ 2008 წლის ბოლოს დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, სალიცენზიო ვალდებულების შეუსრულებლობამ რამდენიმე თვის განმავლობაში შეაფერხა საკაბელო ტელევიზიის საქმიანობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ათავისუფლებს საკაბელო ქსელით მაუწყებელს ვალდებულებისაგან, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის გარეშე, არ დაიწყოს მაუწყებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილება არის წინგადადგმული ნაბიჯი, რათა მომავალში გამოირიცხოს ტელეკომპანია ,,მაესტროს” შემთხვევის მსგავსი შემთხვევები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge