საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეების დაკითხვისას ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ეშლებათ ხელი.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით -"ხდება ინფორმაციის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა“ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესი უნდა განხორციელებულიყო ღიად, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობითაა დადგენილი, ჟურნალისტებს არ მიეცათ მუნიციპალიტეტის შენობაში შესვლის უფლებაც კი.
დღეისათვის იგივე მეთოდებით გრძელდება მოქალაქეთა დაკითხვა. ჟურნალისტებს შეზღუდული აქვთ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ამასთანავე მათ ზეპირი ფორმით ეუბნებიან, რომ მუნიციპალიტეტებში გადაადგილება შეიზღუდა სწორედ დღეიდან. ქართული კანონმდებლობის თანახმად, თუ რომელიმე ადმინისტრაციულ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით სპეციალური ნებართვაა საჭირო, უნდა არსებობდეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, წინასწარ იცოდეს იგი, რადგან რეგულაცია ქცევის ზოგად წესს ეხება და იგი ნორმატიული ხასიათისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახად ირღვევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დეტალურად შეისწავლონ და გამოიძიონ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაკითხვისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge