ნულოვანი ტოლერანტობა პოლიციის თვითნებობას

ანა დოლიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
(სტატია გამოქვეყნდა გაზეთ "24 საათში" 22 მაისს) 

გუშინ, ღამის 2 საათზე ახლობელმა დამირეკა. მისი ბიძა დღის 3 საათზე, ხუთმა მამაკაცმა, პოლიციის სანიშნეებით გამორჩეულმა სამუშაო ადგილიდან წაიყვანა ისე, რომ არც მიზეზი უთქვამთ და არც ის, თუ სად მიჰყავდათ. წინასწარი დაკავების იზოლატორებში და პოლიციის განყოფილებებში მთელი დღის ამაოდ ძებნის შემდეგ, “სანდრო გირგვლიანის წესით” გატაცებულად ჩათვალეს და დახმარებისათვის დამიკავშირდნენ. ამ ხნის განმავლობაში არავინ დაკავშირებიათ, არც ადგილსამყოფელი უცნობებია და არც გამოსასყიდი მოუთხოვია ვინმეს. როგორც გავარკვიეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულთა შორის ეს პირი არ ირიცხებოდა. ის იყო პატრულს შევატყობინეთ გატაცების ფაქტის შესახებ, რომ მასთან ერთად უგზოუკვლოდ გამქრალის ნათესავებმა შეგვატყობინეს - ფინანსურ პოლიციაში იყო წაყვანილი დაკითხვაზე. შეგვატყობინეს ღამის 3 საათზე10 საათის განმავლობაში პანიკური ძებნის შემდეგ.

იმიტომ არ გადამიწყვეტია ეს ამბავი აქ დამეწერა, რომ ეს ან გამონაკლისი შემთხვევაა, არც იმიტომ რომ ჩემს ახლობელს შეემხვა, არც იმიტომ რომ ყველაზე მწვავე შემთხვევაა. უბრალოდ, ეს ჩემთვის ყველაზე უახლესი მაგალითია იმ პრობლემის, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ქცევისათვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

ეს პრობლემა სამართლდამცავი ორგანოების უკონტროლობა და თვითნებობაა.

რობაქიძე, გულუა, ვაზაგაშვილი, თელია, კიზირია და ბევრი სხვა იყო პოლიციის მხრიდან კანონის დარღვევის მსხვერპლი.  სანდრო გირგვლიანის სახელი ხომ უკვე თითქმის ყველა ბავშვმა იცის. პოლიციის თვითნებობასა და დანაშუალებრივ ქმედებებზე არაერთი პრესკონფერენცია, აქცია, შეხვედრა თუ გადაცემა გამართულა, სადაც სამოქალაქო სექტორის მხრიდან ისმოდა პოლიციის ქმედებებზე კონტროლოს გამკაცრების მოთხოვნა.

ადამიანის უფლებათა შელახვის შემთხვევების დროული გამოვლენის და ობიექტური რეაგირების აუცილებლობა გახდა ძალიან ბევრი მიმართვის, მოწოდების, ანგარიშის, თუ ღია წერილის საგანი. ამ კამპანიას  10 მაისს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა ახალი, ყოვლისმომცველი სახელი მოუნახა – ნულოვანი ტოლერანტობა სამართალდამცავების მხრიდან კანონდარღვევების მიმართ.

2006 წლის 10 მაისს გაეროს საწინაააღმდეგო კომიტეტმა საქართველოს პეიროდულ ანგარიშზე გაკეთებულ დასკვნებში მიუთითა:

საქართველომ “უფრო დიდი პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ადამიანის უფლებების კულტურის დამკვიდრებას, პოლიციის იერარქიის ყველა დონეზე და სასჯელაღსრულებით დაწესებულებების თანამშრომლებს შორის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დანერგვით. ასეთმა პოლიტიკამ უნდა გამოავლინოს და რეაგირება მოახდინოს პრობლემებზე, განავითაროს ქცევის კოდექსი ყველა მოხელეთათვის, მათ შორის მათთვის, ვინც ჩართულია ორგანიზებულ დანაშუალთან ბრძოლაშიდა წარმოდგინოს რეგულარული მონიტორინგი დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს მხირდან.”

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დანერგვის ინიციატივა, 2006 წლის 14 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა. მისი ინიციტივით სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შესულიყო ცვლილებები, რომლებიც ბინის და ქუჩის ძარცვაზე, ჯიბგირობასა და ნარკოტიკების შენახვაზე გამკაცრებულ სასჯელს გაითვალისწინებდა. პრეზიდენტმა წარმოდგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ამ დანაშაულებზე უნდა გაუქმებულიყო პირობითი სასჯელი.

მაშინ ნულოვანი ტოლრანტობის იდეა საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, თუმცა როგორც კონკრეტული დანაშაულების მიმართ ბრძოლის ხერხი, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ახალი ცნება არ არის.  ამ პოლიტიკას ახორციელებენ იმ მიზნით, რომ მძიმე სასჯელის დაკისრება წარმოადგენდეს მსგავსი დანაშაულების ჩადენის თავიდან აცილების საშუალებას. კრიტიკოსთა მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ამ პოლიტიკის ეფექტურობა საქართველოში, კონკრეტული მეთოდების გამოყენების სისწორე ქართულ რეალობაში და სხვა მიდგომების გამოცდის სურვილი. თუმცა, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა ნულოვანი ტოლერანტობის ინიცატივის ობოექტი ასი გრადუსით შეცვალა და საკუთარი დასკნა საქართველოს სახელმწიფოში პოლიციის მხრიდან კანონარღვევების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემოღების რეკომენდაციით დაიწყო. 

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 10 მაისის დასკვნა  რამდენიმე მხრივ არის საინტერესო.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ნულოვანი შემწყნარებლობის პოლიტიკის ობიექტი აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. კონკრეტული დანაშუალების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში სრულიად შესაძლებელია სალხემწიფომ გამოაცხადოს ნულოვანი მოთმენა პოლიციის თვითნებობის მიმართ, რაც ოპტიმალური გზა იქნებოდა დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში ავტორიტეტული კომიტეტის მოსაზრებების გათვალისწინებისა.

დასკვნა ღირშესანიშნავია კრიტიკული დამოკიდებულების გამომჟღავნებით საქართველოს სახელმწიფოში წამების და არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით,  რაც იშვიათია ამ ტიპის დოკუმენტებში, რომელიც სახელმწიფოთა თანამშრომლობის იდეაზე არის დაფუძნებული და, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად ემორჩილება დიპლომატიური ეტიკეტის წესებს.

დასკვნა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თითქმის ზედმიწევნით მიუთითებს იმ ხარვეზებსა და რეკომენდაციებს, რაც ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წუხილის ობიექტი იყო ამ სფეროში. მაგალითად: ის სასირცხვილო ფაქტი, რომ მიუხედავად მრავალი კონსტიტუციური ცვლილებებისა, საქართველოს კონსტიტუციაში კვლავ რჩება სასირცხვილო მუხლი, რომელიც უშვებს საგანგებო ან საომარ ვითარებაში პირის ფიზიკურ იძულებას.

ან ის ვითარება, რომ მიუხედავად მრავალი საკანონმდებლო ცვლილებისა, კვლაც ადგილი აქვს პოლიციის მხირდან ძალის გადამეტებით გამოყენებას დაკავებისას, ციხის ბუნტის ჩახშობის, თუ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლოს დროს.

დასკვნაში ხაზგასმულია ისიც, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისათვის სასამართლო წესით დასჯილი სამართალდამცავების ციფრი მცირეა მათი მხირდან დარღვევების ბრალდების ოდენობასთან შედარებით და თანაც საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული ამ ღონისძიებათა შესახებ.

კომიტეტმა აღნიშნა ისიც,  რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო უნდა შეამციროს პატირობის ვადები, სასწრაფოდ უნდა შეავსოს  სასამართლო ვაკანსიები, და რომ ალტერნატიული არასაპატიმრო ვადები აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მაშინ, როდესაც ბრალდებული არ წამოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის.

ისმის კითხვა - თუ უმეტესი წილი იმისა, რაც წერია წამების საწინაარმდეგო კომიტეტის დასკვნაში, უკვე არაერთხელ არის აღნიშნული საქართველოში, რატომ არის ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი?

ალბათ იმიტომ, რომ კომიტეტის წევრებს, სხვადასხვა ქვეყნების  დამსახურებულ მოღვაწეებს, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პროფესორ-მეცნიერებს და მკვლევარებს, რომლებიც მიუთითებენ საქართველოში სამართალდამცავების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ არადამაკმაყოფილებელ ვითარებაზე, ნაკლებად თუ ვინმე დააბრალებს რუსეთის აგენტობას, ტარიელ ონიანთან ან მის რომელიმე ამფსონთან ალიანსს ან არაკომპეტენტურობას ან იმიტომ, რომ დოკუმენტში სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ნათლად და მოკლედ არის გადმოცემული რჩევები ამ პრობლების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, რისი შემუშავებისათვის სახელმწიფოებრივი ნების გამოვლენის გარდა, სერიოზული ანალიტიკური რესუსრის დახარჯვა მოუწევდა საქართველოს სახელმწიფოს ან იმიტომ, რომ თავისი მნიშვნელობით, ეს დოკუმენტი უფრო გავლენიანია, ვიდრე რომელიმე “იშტაზე” მყოფი ადამიანის, ან  ორგანიზაციის მოსაზრება, მას კითხულობს და ეცნობა მსოფლიოს პროფესიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. 

რაც მთავარია, დასკვნაში მნიშვნელოვანია, როგორც დამოუკიდებელი, კომპეტენტური, გამოცდილი და მიუკერძოებელი ადამიანიების გაფრთხილება: დღეს, საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოთმენა უნდა გამოუცხადოს პოლიციის მხრიდან კანონის დარღვევას, რომ ცოტა ხანში არ აღმოვჩნდეთ deja vu-ს ვითარებაში  -  მეოთხე კურსის სტუდენტს კარგად დამამახსოვრდა 2001 წელს გაეროს ადამიანის  უფლებათა კომიტეტის სხდომაზე:  მაშინ როცა თარგამაძის და ალავიძის პოლიციის მხრიდან ხალხის წამება და ცემა ყოველდღიური მოვლენა იყო, ადამიანები უგზოუკვლოდ ქრებოდნენ, ან "შემთხვევით" ვარდებოდნენ ქალაქის პოლიციის სამმართველოს შენობიდან, რუსუდან ბერიძე, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა გაეროს კომიტეტის განხილვაზე დამსწრეებს მოუთხრობდა, თუ რა ბედნიერი იყო ის ერი, სადაც ოდესღაც თამარ მეფე იყო მონარქი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge