საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვინტრაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
პირველ რიგში, საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელშიც ცალსახად არის მითითებული, რომ საიას მიერ ექსპერტიზისთვის გაგზავნილ ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პიროვნებები ერთი და იგივეა. შესაბამისად, შსს-ს მტკიცება საიას მიერ ფაქტების განზრახ დამახინჯების თაობაზე უსაფუძვლოა.
მიგვაჩნია, რომ საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური და ეფექტურ გამოძიების ჩატარების მიზნებისათვის, შს სამინისტროს პირველ რიგში უნდა შეესწავლა საიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ნაცვლად ამისა, შსს-მ განცხადებები ისე გააკეთა, რომ ფოტო ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ არ შეუსწავლია, აპრიორი გამორიცხა ამ მტკიცებულების სანდოობა და აღნიშნა, რომ საიას მხრიდან ადგილი აქვს ფაქტების დამახინჯებას.
შს სამინისტრო თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ ფოტოზე გამოსახული პირი ამჟამად ქარელში მცხოვრები გიორგი ბაქრაძეა. მოცემულ ფაქტზე შსს-მ გაავრცელა გიორგი ბაქრაძის ინტერვიუს ჩანაწერიც. თუმცა, სამინისტროს კომენტარებიდან არ ჩანს, რომ იდენტობის ფაქტის დასადგენად გამოძიებამ ფოტო ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც მათი განცხადებებიდან ირკვევა, გამოძიება მხოლოდ გიორგი ბაქარაძის ჩვენებითა და ფოტოებთან მისი ვიზუალური შედარებით შემოიფარგლა და სისხლის სამართლის საქმე დახურულად გამოაცხადა.
საია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე სიცოცხლის უფლების ხელყოფას შეეხება, ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ სიცოცხლის უფლების ხელყოფაში სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და საქმისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გამოძიების მიმართ სანდოობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მოხდეს საქმეზე არსებული ყველა სახის მტკიცებულების ჯეროვანი შესწავლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩატარებული გამოძიება ჩაითვალოს სრულყოფილად, ობიექტურად და ეფექტურად.
აქვე აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: ის ფაქტი, რომ 26 მაისს გიორგი ბაქრაძეს ეცვა ზოლებიანი მაისური არ გამორიცხავს, რომ დაკავების დროს ნიკა კვინტრაძესაც მსგავსი მაისური სცმოდა. მითუმეტეს, ნ. კვინტრაძის მეგობრის, რევაზ რეხვიაშვილის ახსნა-განმარტებით მან თავდაპირველად ნიკა კვინტრაძე ფოტოზე სწორედ ამ მაისურით ამოიცნო და რომ ეს მაისური კვინტრაძეს ჯერ კიდევ ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციების დროს ხშირად ეცვა. აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საიას მიერ გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნაში ნიკა კვინტრაძის იდენტიფიცირება ეფუძნება სხვადასხვა ფოტოსურათზე მისი სახის და თავის გარეგნული მახასიათებლების შედარებას, რაც ტანსაცმელზე აპელირებას საერთოდ უსუსურს ხდის.
საია აცხადებს მზაობას, გიორგი ბაქრაძის ფოტოები ასევე გადააგზავნოს ექსპერტიზის ბიუროში და აღნიშნულ საკითხზეც მიიღოს დასაბუთებული დასკვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიას მიაჩნია, რომ აუცილებელია განახლდეს გამოძიება ნიკა კვინტრაძის საქმეზე; სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული იქნეს ყველა ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულებები. ამასთანავე, საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიება ვალდებულია, გაასაჯაროოს საქმეში არსებული ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი გვამების ფოტო/ვიდეო მასალა, შემთხვევის ადგილზე ელექტრო გაყვანილობის სისტემის ექსპერტიზის დასკვნა და გვამების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.
საია იმედს იტოვებს, რომ ნიკა კვინტრაძის საქმეზე ჩატარებული იქნება სრულყოფილი, ობიექტური და ეფექტური გამოძიება, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge