კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პასუხი დავით ბაქრაძეს

დღეს, 2012 წლის 7 მარტს,  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში  კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გამოეხმაურნენ  პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებას.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიდეც ერთხელ გადახედავენ საარჩევნო კანონმდებლობას და არსებულ დებულებებს დააზუსტებენ. კერძოდ, მასში ნათლად ჩაიწერება, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს არასამთავრობო და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.

საქართველოს პარლამენტის სურვილი, რომ შეცვალოს ბუნდოვანი და პრობლემური კანონმდებლობა, კამპანიის მონაწილეებისთვის მისასალმებელია, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას არ გულისხმობს. შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნისკენ, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისკენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მოთხოვნებია:

გაუქმდეს ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მთელი პასუხისმგებლობა, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში, დაეკისროს პარტიას ან იურიდიულ პირს;

დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს პარტიისთვის დადგენილ შეზღუდვებს. აღნიშნული შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც გაცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისთვის გაწევენ ხარჯებს;

განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ მიეცეს თავისუფლად მანიპულირების საშუალება;

დეტალურად გაიწეროს ყადაღის დადების წესი, რომლის უფლებაც მიენიჭა კონტროლის პალატას, განისაზღვროს როლი, იმისათვის, რომ ქონების დაყადაღება არ მოხდეს მისი მონაწილეობის გარეშე;

შემცირდეს დადგენილი არაგონივრული სანქციები პარტიებისა და სხვა პირებისთვის;

პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება,მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. ასევე აუცილებელია საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, რათა პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თანაბრად კონკურენტულ გარემოში კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება.

საკანონმდებლო წინადადება ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ პარლამენტში 2012 წლის 17 თებერვალს წარადგინა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge