2012 წლის 15 მარტს 13 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს. საუბრის მთავარი თემა ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვის პროცესების მიმდინარეობა გახლდათ.
საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 12, 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, ქარელი, კასპი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი) განხორცილდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრთა, მოხალისეთა და მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვები. დაკითხულთა რაოდენობამ უკვე 150-ს გადააჭარბა.
კამპანია „ეს შენ გეხება“ უარყოფითად აფასებს ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესში კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. კამპანიის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ:
• კონტროლის პალატის ქმედებები, რომლებიც მათივე განმარტებით, პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, შეიცავდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეთა დევნის ნიშნებს;
• კონტროლის პალატის წარმომადგენლების ქმედებები ასევე მრავლად შეიცავდა უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტებს. კერძოდ, უწყების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთათვის დასმული შეკითხვები ფინანსური ხასიათის საკითხების გარდა, შეეხებოდა, პოლიტიკური აქტივობების დეტალებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან მათი თანამშრომლობის მიზეზებს;
• დაბარებულ პირებს პრობლემები ექმნებოდათ ადვოკატების დასწრებასთან დაკავშირებით. ადგილი ჰქონდა ადვოკატების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს, რის გამოც მათ არ მიეცათ დაკითხვის პროცესზე დასწრების საშუალება;
• ჟურნალისტებს ხელი ეშლებოდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში;
• კონტროლის პალატის თანამშრომლები მოწვეულ მოქალაქეებს არ აწვდიდნენ სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა სახის სამართალდარღვევის ფაქტზე და ვის მიმართ იყო დაწყებული სამართალწარმოება. ამასთან, ახსნა-განმარტების მიღების პროცესში მოქალაქეების მიმართ ხორციელდებოდა ღირსების შემლახველი ქმედებები.
კამპანიის მონაწილეები ფიქრობენ, რომ დაკითხვის მანერა, ხანგრძლივობა (რაც ხშირ შემთხვევაში 6 საათამდეც გრძელდებოდა), დასმული შეკითხვები, ურთიერთობის შეურაცხმყოფელი ფორმები, მუქარისა და ზეწოლის ხერხების გამოყენება მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენის ფაქტებს.
აღნიშნული ქმედებები საარჩევნო წელს ცალსახად გამოიწვევს მოქალაქეებში შიშის დანერგვას პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დაამძიმებს წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში.
მოქალაქეთა დაკითხვის პროცესები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დღესაც მიმდინარეობს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge