2012 წლის 5 აპრილს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოვიდა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს პოლიტიკური აქტივობისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებები მიენიჭებათ. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივის ამჟამინდელი ვერსია შესაძლებელს ხდის პარლამენტის წევრად აირჩეს ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მოქალაქე, თუ ის დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამაც.
ინიციატივის ფარგლებში, ასევე, განიხილება შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ პირებს მიენიჭოთ ყველა პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისა და სხვა პოლიტიკური უფლებები, რომლებითაც ექსკლუზიურად სარგებლობენ საქაართველოს მოქალაქეები.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუმართლებლად მიგვაჩნია აღნიშნული ინიციატივა და საქართველოს კონსტიტუციის მიმართ იმგვარი დამოკიდებულება, რომელიც უზენაესი კანონის გარკვეულ გარემოებებსა და პიროვნებებზე მორგებას გულისხმობს. ჩვენთვის მიუღებელია პარლამენტის წევრად არჩევისა და სხვა პოლიტიკური უფლებების მინიჭება იმ პირებისათვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ქვეყნის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ. შემოთავაზებული ცვლილების მიღებით საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს, ვინაიდან იგი გამოიწვევს საქართველოს საშიანო საქმეებში სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჩარევას. სწორედ ამ არგუმენტის გათვალისწინებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
მიგვაჩნია, რომ ამგვარი ინიციატივები საფრთხის ქვეშ აყენებენ კონსტიტუციის მნიშვნელობას, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის სუვერენიტეტს, უარი თქვან არამართებულ ინიციატივაზე და საკანონმდებლო ორგანოს წევრის მანდატი არ გამოიყენონ ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გაუმართლებელი გზებით გადაჭრისთვის.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge