განცხადება „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ

 

2012 წლის 2 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა  ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებული გადარიცხვების გზით 200 000 აშშ დოლარის ოდენობით უკანონო შემოწირულების მიღებისთვის სამართალდამრღვევად ცნო.

შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, და 342 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ დააჯარიმა და  მისი ანგარიშები დააყადაღა.

მიგვაჩნია, რომ ორგანიზაციის დაჯარიმება და მისი ანგარიშების დაყადაღება არსებული კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა, რადგან კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლებით დაჯარიმებისთვის აუცილებელია:

ა) პირს ჰქონდეს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად იყენებდეს ფინანსურ/მატერიალურ რესურსებს:

ბ) პირისათვის შეზღუდვების გავრცელების თაობაზე მონიტორინგის სამსახურს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით გამოცემული ჰქონდეს შესაბამისი აქტი; და

გ) პირს განხორციელებული ჰქონდეს კანონით აკრძალული შემოწირულების მიღება ან დამალვა (ამგვარ შემოწირულობას განეკუთვნება შემოწირულებები იურიდიული პირისგან, უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან და ა.შ.).

აღნიშნული კრიტერიუმებიდან არც ერთი არ არის სახეზე, რადგან:

 

ა) ორგანიზაციას  ამ პერიოდში თანხა არ მიუღია ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან შემოწირულობის თუ სხვა სახით და არ დაუმალავს ინფორმაცია;

ბ) არ გამოუყენებია ფინანსური რესურსები საარჩევნო მიზნების მისაღწევად, რაც მის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერებიდანაც ჩანს (ორგანიზაციის ფინანსური ბრუნვა 30 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ნულის ტოლია).

გ) ამასთან, მონიტორინგის სამსახურს არ გამოუცია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი „ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის“ შეზღუდვების გავრცელების თაობაზე.

სასამართლოზე არ დადასტურდა ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ მიერ კანონის 341 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

მონიტორინგის სამსახურმა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა  ორგანიზაციის დაჯარიმება იმ საფუძვლით, რომ ორგანიზაციის მიერ ჩადენილი იყო კანონის 342 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა კანონის 252 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში - საარჩევნო მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის  მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გადაცემის დაპირებით.

სასამართლომ გაიზიარა მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნა,   ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ 5 000 ლარით დააჯარიმა და დაუყადაღა საბანკო ანგარიშები.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დადგენილება არ არის შესაბამისი არსებულ კანონმდებლობასთან შემდეგ გარემოებათა გამო:

ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ ვერ იქნება 342-ე მუხლის მე-4 პუნქტით  დადგენილი სანქციის სუბიექტი, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით პირის 5 000 ლარით დაჯარიმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას გააჩნია განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს, რაზეც კანონის 341 მუხლის მიხედვით მონიტორინგის სამსახურმა უნდა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადმინისტრაციული აქტი არ გამოცემულა და ორგანიზაციას არანაირი ფინანსური რესურსები საარჩევნო მიზნების მისაღწევად  არ გამოუყენებია.

აქედან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ მიმართ 5000 ლარიანი სანქციის დაკისრებასა და მისი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აშკარად შეუსაბამოა არსებულ კანონმდებლობასთან.

საქართველოს კონტროლის პალატა და სასამართლო ზედმიწევნით უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს და თანმიმდევრულები იყვნენ საკუთარ გადაწყვეტილებებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ასეთი მიდგომა კიდევ უფრო გაზრდის უსამართლობის შეგრძნებას პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის და ხელს შეუწყობს უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოს ფორმირებას.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge