„ეს შენ გეხება“-ს მონაწილე 35-მა ორგანიზაციამ პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შესთავაზა

 

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები კამპანიის მეორე ეტაპს იწყებენ, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით,  7 მაისს, კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში  საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 35 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აწერს. ცვლილებების მხარდამჭერთა ხელმოწერები გრძელდება.

საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს შემდეგი საკითხების მოგვარებას:

1. არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა -  პროექტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ყუთების გახსნამდე უნდა მოხდეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის დოკუმენტურად დაფიქსირება შემაჯამებელ ოქმში. ეს საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ მისცემს საშუალებას, უბანზე არჩევნების შედეგების გარკევევის შემდეგ შეცვალონ მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ცვლილება, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არასასურველი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, ოქმების გადაკეთების შესაძლებლობას გაართულებს. უფრო მკაფიოდ გაიწერა საოლქო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამების  მექანიზმები.

2. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა - წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლირება;

3. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება - წინასაარჩევნო შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე უნდა დაწესდეს საარჩევნო წლის 1 ივნისიდან; იზრდება იმ პირთა წრე, ვისაც არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში; რეგულირდება საარჩევნო კამპანიაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდეობის პირთა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელ პირთა საქმიანობა; იკრძალება სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე/პრეზენტაციებზე აგიტაციის გაწევა; ყალიბდება ბიუჯეტის ხარჯვის უფრო ზუსტი რეგულირებები და საბიუჯეტო რესურსების გამოყენების მკაფიო შეზღუდვები; უფრო მკაფიო ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ვალდებულებები, მათი საქმიანობის გამჭვირვალობის სტანდარტები და სანქციები ამ მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

4. საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედია-თანაბრობის უზრუნველყოფა - ჩამოყალიბდა ფარული რეკლამის დეფინიცია; სოციალური, ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებული მედია-მონიტორინგის შედეგების სავალდებულო განხილვისა და რეაგირების, აგრეთვე, წინასაარჩევნო დებატების გამართვისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის  წესები.

5. განისაზღვრა მაუწყებლობის ტრანზიტის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები - პროექტით, საკაბელო ქსელების ოპერატორებს ეკისრებათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სათემო მაუწყებლებისა და თანამგზავრული მაუწყებლების სატელევიზიო სიგნალების სავალდებულო წესით რეტრანსლაციის ვალდებულება. ამასთან, ხდება მაუწყებლის დავალდებულება, მიჰყიდოს საკაბელო ქსელების ოპერატორებს თავისი სიგნალის რეტრანსლაციის უფლება ბაზარზე მონოპოლიური ფასების დამყარებისა და სხვა ისეთი პირობების გარეშე, რამაც შეიძლება უსამართლოდ დაარღვიოს ძალთა ბალანსი სამაუწყებლო ბაზარზე.

...

არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 2012 წლის 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. აღნიშნული წინადადებები, აგრეთვე, გააცნეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს.  საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოს პარლამენტთან ერთი თვის განმავლობაში მომდინარეობდა. "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით 31 მარტს, ხოლო 25 აპრილს მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირაში განიხილავს. 9 მარტს კამპანიის წევრმა ორგანიზაციებმა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის მანძილზე.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge